ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში. არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა. (ეკლესიასტე 3. 1,5)
გემუდარებით, ძმანო, ერიდეთ გახეთქილებისა და საცდურის მოქმედთ, წინააღმდეგ მოძღვრებისა, რომლითაც განსწავლულხართ, და განეშორეთ მათ; რადგან ამნაირნი უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს კი არ მსახურებენ, არამედ თავიანთ მუცელს, და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. (პავლე მოციქული, რომ. 16. 17-18)
უპირველეს ყოვლისა, ალბათ, უნდა შევაფასოთ ის სულიერი მდგო-მარეობა, სულიერი ფონი, რომელშიც ჩვენი დღევანდელი საზო-გადოება იმყოფება. აქ, შინაგანი და გარეგანი დამკვირვებლისთვისაც თვალშისაცემია საეკლესიო აღორძინება და ესაა პირველი და უდიდესი ჭეშმარიტი სასწაული, რაც უფალმა ჩვენი ერისათვის მოიღო. თუნდაც ოცი წლის უკან, რაც წამისყოფაა ჟამთასვლისათვის, ამის გააზრებაც კი სრულიად წარმოუდგენელი იყო. ქართველმა ერმა შექმნა თავისი ავტოპორტრეტი, როგორც ხშირად ბრძანებს ხოლმე ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, სამების საპატრიარქო საყდრის სახით, აშენდა და აღორძინდა უამრავი ეკლესია-მონასტერი. გამრავლდა ბერ-მონაზვნობა და სასულიერო დასი. იყო დრო, და უმეტესობას კარგად ახსოვს იგი, როდესაც განათლებული, მოტივირებული და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ხარისხიანი კაცი, მოქალაქე, იშვიათად ირჩევდა სასულიერო გზას. იმ დროს ეკლესია და ღვთისმსახურება არ იყო ჩვენი ნიჭისა და მონდომების სარბიელი... ეს კი ჩვენი გუშინდელი დღეა და არა შორეული წარსული. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? სასულიერო დასში თქვენ შეხვდებით თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს, საერო და სასულიერო განათლების ფართო სპექტრით. სამღვდელოთაგან საკმაოდ მაღალია ხვედრითი წილი სასულიერო სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებულებისა, ე.ი. საფუძველი და-ედო თაობათა ცვლასაც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია სულიერი აღორძინებისათვის. ბიბლიური შედარება რომ მოვიყვანოთ, ეგვიპტიდან გამოსულ თაობასთან ერთად იღვწის და დომინირებს აღთქმულ ქვეყანაში დაბადებული თაობა.
განახლდა და დაიხვეწა საეკლესიო საკრალური შემოქმედება: ქვასა და ჩუქურთმაზე მუშაობა, მონუმენტური ფერწერა (ფრესკა), ხატწერა, მინანქარი, ქარგვა; საფუძველი ჩაეყარა და ვითარდება მთარგმნე-ლობითი მოღვაწეობა. გამოდის უამრავი დასახელების ჟურნალ-გაზეთი. ეს ყველაფერი ჩვენი უფლის უსაზღვრო მოწყალების შედეგია ჩვენდამი. გავიხსენოთ, თუნდაც, გასული მეოცე საუკუნის მო-ღვაწეები, რომელთაც ბევრად აღმატებული ღვაწლი ჰქონდათ, ვიდრე თანამედროვე საეკლესიო თაობას, მაგრამ მათი მოსაგრეობა არ გამხდარა საჯარო აღტაცების საგანი, არამედ ნაწილობრივ დაფარული შრომით, უმეტესწილად კი დევნულობითა და მოწამეობით მიიღეს ღვთისაგან გვირგვინები. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერნი ვართ მათი, როგორც ჩვენი უშუალო ღვაწლმოსილი სულიერი წინაპრებისა, რომელთაგანაც საუკეთესო მემკვიდრეობის სახით მიგვიღია უმწიკვლო მართლმადიდებლური სარწმუნოება. სწორედაც მათი და მათი თანამოდასე ზეციური საქართველოს ლოცვითაა მოსული ამჟამინდელი აღორძინება.
შეიძლება ეს არ არის ოქროს ხანა ქართული ეკლესიისა, რომელიც ალბათ გარდასულია, მაგრამ, ვინ უწყის, ეგება დღეისათვის საპატიო ვერცხლის ხანა გვიბოძა მოწყალე უფალმა ჩვენს თაობას, წინაპართა ლოცვით. ამას ისტორია შეაფასებს და თავის ადგილს მიუჩენს, ჩვენს შრომას კი ამ შემთხვევაში სულ სხვა მიზანი და მიმართულება აქვს.
ჩვენ ვსაუბრობთ ქვათა შეკრების ჟამზე და ამისათვის დიდება და მადლობა შემოქმედსა და არსთაგამრიგეს. ამ საეკლესიო მშენებ-ლობაში გარდა კეთილი ზრახვებისა და მდგრადი ქრისტიანული მასალისა, არის მცდელობა ნებსით თუ გაუცნობიერებლად არამყარი ქვების მოზიდვისა და სამშენებლო მასალად გამოყენებისა. ეს კი, როგორც პრაქტიკიდანაა ცნობილი, რყევების ჟამს უცილობელი ბზარების წინაპირობაა. შენობის მდგრადობაც სწორედ ამ ბზარების სიმრავლეზე იქნება დამოკიდებული.
მთესვარის იგავისა არ იყოს, იქ, სადაც უფლის სიტყვა ითესება, ბო-როტიც ცდილობს თავისი ღვარძლის შეტანას. ამაში იგი თავისი საქმის დიდოსტატია. დაცემულ, მაგრამ ანგელოზებრივი პოტენ-ციალის მქონე გონებას თან ურთავს აგერ უკვე თითქმის რვა-ათასწლოვან გამოცდილებას ეკლესიასთან და ადამის მოდგმასთან ბრძოლისა. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ იგი აქ წარ-მატებებსაც არ უჩივის. ცხონებისაკენ სავალი ვიწრო ბილიკი, დღეისათვის, მამათა სწავლებით, მას უკიდურესად დავიწროებული აქვს; საპირისპიროდ, არასოდეს ყოფილა ასე ფართო და მიმზიდველი გზა წარსაწყმედელისა, რომელსაც კაცობრიობის მტერი ათასნაირი შეფარული ხრიკითა და იდეოლოგიით ნიღბავს.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უფალმა ან წუთისოფელში დაა-ფუძნა თავისი ეკლესია, "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3,15), ხოლო მაცდური ცდილობს წუთისოფელი შეიყვანოს და და-აფუძნოს ეკლესიაში. ამდენად, ღვთისაგან დაშვებულია, რომ "ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება" (მთ. 18.7), ანუ დაუშვებელია იფქლისა და ღვარძლის ერთად ზრდა, რათა გამჟღავნდნენ ადამიანთა გულის ზრახვანი.
ნებისმიერ ცოცხალ, მზარდ სხეულს პარაზიტები მოეკიდებიან ხო-ლმე, რომელნიც ამ სხეულის სასიცოცხლო ენერგიით საზრდოობენ; ისინი, თუმცა უცხონი არიან, ამით საკუთარი არსებობა გაიხან-გრძლივონ. ასეთი რამ ხდება ეკლესიის სხეულზეც, მით უმეტეს ზრდის პერიოდში. ბოროტი ცდილობს ისარგებლოს ჩვენი გამო-უცდელობით, მიმნდობელობით, არამეცნიერული მოშურნეობით ან სულაც სულიერი უმეცრებით და მიმართულება უცვალოს ჩვენს მოღვაწეობას. ამიტომაც ჩვენი მოვალეობაა - მოვუხმოთ დედა-ეკლესიის გამოცდილებასა და ღირსი მამების შეგონებებს, რათა მაცდურმა საკუთარ ნადავლად გვაქციოს. მით უმეტეს გვწამს და გვჯერა, რომ სწორედ ეკლესიაა ის ხომალდი, რომელსაც ამა სოფლის საცდურთა ზღვაზე გადაჰყავს თავისი ერთგული მგზავრები და რომელსაც ბრძენი მესაჭის (თავად უფლის) წყალობით ბობოქარ ტალღებში კატასტროფა არ უწერია; „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16. 18) - ბრძანებს მაცხოვარი.
რაც შეეხება ესქატოლოგიური მოვლენებისადმი განსაკუთრებით გა-ღვივებულ ყურადღებას, მსოფლიოს ისტორიიდან ცნობილია, რომ იგი ერთგვარი სულიერ-ფსიქიკური ეპიდემიის სახეს იღებს ხოლმე საუკუნეთა მიჯნაზე. ამ ტალღამ, როგორც ჩანს, ჩვენამდეც მოაღწია. ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ ანტიქრისტესა და ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ფიქრი და მსჯელობა სექტანტების ყველაზე თავშესაქცევი და საყვარელი თემა გახლავთ, მაგალითად „საგუშაგო კოშკის" (ანუ რასელისტების) საზოგადოებისა. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური"