სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ძმანო და დანო! ერთმა კაცმა იესო ქრისტეს ჰკითხა: „რომელი მცნებაა უდიდესი რჯულში? ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი სულით, და შენი გონებით. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე მსგავსი მისია შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი" (მათე 22, 36-39).
ერთმა მწირმა წმინდა ადგილების მოლოცვის დროს გაიგო, რომ ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა მაღალი სულიერებით გამორ-ჩეული სქემოსანი ბერი, მან გადაწყვიტა სწვეოდა მას და აღსარება ჩაებარებინა. სქემმონაზონმა ის სიყვარულით მიიღო და უთხრა, რომ აღსარება ფურცელზე დაეწერა. მწირმა რამდენიმე დღე დაჰყო სავანეში, ღვთის წინაშე დიდი სინანულით ჩამოწერა თავისი ცოდვები და ბერს მისცა. მან ყურადღებით წაიკითხა აღსარება და უთხრა: „შენ, ძმაო, ბევრი რამ ზედმეტი დაგიწერია, შენ ინანიებ ერთსა და იმავე ცოდვებს, რომლებიც უფალმა უკვე მოგიტევა; არ გწამს აღსარების საიდუმლოსი, ამიტომ ხელახლა ამბობ მონანიებულ ცოდვებს. ნუთუ არ გჯერა, რომ შენთვის დაღვრილმა ქრისტეს სისხლმა წარხოცა შენი ცოდვები? საკმარისია მათი ერთხელ მონანიება! გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებ სხვადასხვა გარემოებებზე, რომელთაც სრულიად არა აქვთ კავშირი შენს ცოდვებთან; დაწვრილებით ყვები გონებრივ ცოდვებზე. ეს არ არის საჭირო, მათი განხილვისას შესაძლოა ხელმეორედ წაიბილწო სული მოგონებებით. შენ ასახელებ სხვადასხვა ადამიანებს; აღსარებაში სახელების დასახელება არ არის საჭირო, ილაპარაკე მხოლოდ საკუთარ თავზე. და ბოლოს, არ გითქვამს ყველაზე მთავარი, რომ შენ არ გიყვარს ღმერთი და რომ შენ არ გიყვარს ადამიანი".
მწირმა უპასუხა: „მამაო, როგორ არ მიყვარს ღმერთი?! მე ხომ მის-თვის დავტოვე ყველაფერი და დავეხეტები, როგორც გლახაკი? როგორ არ მწამს სახარებისა, მისი წმინდა სიტყვებისა, მაშ, ვიღასი უნდა მჯეროდეს ამ ქვეყანაზე?! როგორ არ მიყვარს ადამიანები?! მე ხომ მათი მოწყალებით ვცოცხლობ? ყოველი ადამიანი, რომელიც ერთ კაპიკს ან ერთ ლუკმა პურს მაწვდის, ჩემი კეთილისმყოფელია, შიმშილით სიკვდილისაგან მიცავს, როგორ დავაყენო თავი მათზე მაღლა, როცა კონკების გარდა არა გამაჩნია რა?!"
სქემმონაზონმა ამაზე მიუგო: „ძმაო, შენ ჯერ კიდევ არ შეგიცვნია შინაგანი სულიერი ცხოვრება, ამიტომ კარგად არ იცნობ შენს გულს და ვერ გაიგე სრულიად, რის შესახებ გელაპარაკები მე. აი, წაიკითხე აღსარება, რომელიც ჩემმა სულიერმა შვილმა მომიტანა ახლახანს". მან მისცა მას ფურცელზე დაწერილი აღსარება. მწირმა ხმამაღლა დაიწყო კითხვა: „ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი. ვინც მიყვარს, იმის სიყვარულს გულით ვატარებ და ტკბილად ვიხსენებ მის სახელს; ვინც მიყვარს, ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე, მაგრამ ბევრს ვფიქრობ მე ღმერთზე? ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს. დღეღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ საათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე. როდესაც ღმერთზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინ ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას. როდესაც სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ მიყვარს!
ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბა-რიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და ლოცვის რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ლოცვა და ყოველდღიური საქმეების კეთებას მივყო ხელი. საბაბსაც კი ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილი მექნებოდა ყოველ-თვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.
ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს. თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვეღარ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.
თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ. უფალმა თქვა: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს". მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი და შევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ. ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წიგნიდან "არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი"
Xareba.net - ის რედაქცია