„ღვთის სიტყვის მოსმენის შიმშილი - აი უბედურება შეუდარებლად უფრო მძიმე ყველა უბედურებათა შორის, რომელიც ოდესმე ყოფილა მოვლენილი ქრისტიანებისათვისა“
„ სოფელსა შინა ჭირი გაქუთ- აღუთქვა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს, - მაგრამ კადნიერ იყვენით, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა". და აი, ეს წინასწარმეტყველება დღემდე სრულდება მის მიმდევრებზე. მაგრამ განსაცდელი, რომელიც გააჩნია ქრისტეს მცირე სამწყსოს ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვაგვარია. თავდაპირველად ქრისტიანებს აშკარად დევნიდნენ: ყველა მოციქულმა, იოანე ღვთისმეტყველის გამოკლებით, თავისი ამქვეყნიური ცხოვრება მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. შემდეგში ეს აშკარა დევნა უფრო დახვეწილი, მრავალთათვის შეუმჩნეველი, მაგრამ გონებაგანწმენდილთათვის საკმაოდ ნათელი გახდა: მდევნელები ქრისტიანებისაგან არა ქრისტეს უარყოფას, არამედ ერესის მიღებას მოითხოვდნენ, რომელიც ისეთივე დამღუპველია, როგორც ქრისტეს უარყოფა. შემდგომში დევნამ მზაკვრული სახე მიიღო: ქრისტიანული რწმენა თავის ნებაზე იქნა მიშვებული, ხოლო ქრისტეს მცნებებით ცხოვრება უარყოფილი იყო, დამკვიდრდა საპირისპირო ცხოვრების წესი, რის შედეგადაც სარწმუნოება ვერაფრით გახდება მოქმედი, მით უმეტეს ცოცხალი, ანუ სულიერი. სარწმუნოება რწმენის საქმეთა გარეშე, ე.ი. ქრისტეს მცნებების შესრულების გარეშე, მკვდარია. ქრისტიანული სწავლების თავდაპირველი შემეცნების საგნებიც კი ადამიანისათვის იმის გამო, რომ არ განემარტა მას სარწმუნოებრივი საქმეებით, ცხოვრებით, მით უფრო სული წმიდით, უკიდურესად ბნელი და მცდარი რჩება. ამგავრ ბნელ და მცდარ სულიერ მდგომარეობაში დღეს ჩვენ ვხედავთ მრავალთ, რომელნიც თავს ქრისტიანად და მეტიც, ქრისტეს ეკლესიის მასწავლებლად მიიჩნევენ. მათგან ზოგს სახარებაში ხსენებული სასწაულების არ სწამს, ზოგს ეშმაკის არსებობის, ზოგი ქრისტიანული სწავლების მხოლოდ ნაწილს აღიარებს, მეორეს კი უარყოფს, ერთნი, ვერ ასხვავებენ რა სარწმუნოებრივ საქმეებს ყოფით საქმეთაგან, მიიჩნევენ, რომ ყველა ცხონდება თავისი კეთილი საქმეებით და ა.შ. ამ მიზეზის გამო იშვიათად თუ გაიგონებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას ადამიანის პირიდან, სამაგიეროდ ხშირად მოისმენთ ყალბს. ღვთის სიტყვის მოსმენის შიმშილი - აი, უბედურება შეუდარებლად უფრო მძიმე უბედურებათა შორის, რომელიც ოდესმე ყოფილა მოვლენილი ქრისტიანებისათვის. მაგრამ ესეც ღვთის ნებაა. ღვთის რისხვას ვიტვირთავ, ამბობდა წინასწარმეტყველი. განსაცდელების სიმძიმის გამო, რომელიც მოვლენილია ამ თაობისათვის, უფალი განსაკუთრებული კაცთმოყვარეობით მიუტევებს შეცოდებებს. მადლი ღვთისა იყოს თქვენ თანა.
წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი)