ბრძენთა ბრძენი სოლომონი, ამა სოფლის საქმეთათვის შესაფერისი დროის განსაზღვრისას, ამბობდა: „ყოვლისათვის ჟამი არს და ჟამი არს ყოვლისა საქმისა ცასა ქვეშე, ჟამი არს შობისა და ჟამი სიკვდილისა" (ეკლ. 3, 1-2) ჩემს ქადაგებაში ნაწილობრივ შევცვლი ყოვლად ბრძენის ამ გამონათქვამს და ვიტყვი: „ჟამი არს სიკვდილისა და ჟამი არს შობისა".
ყოველ საქმეს თავისი შესაფერი დრო აქვს, თავისი დრო - ძილს, თა-ვისი - მღვიძარებას, თავისი - ომს და თავისი - მშვიდობას, მაგრამ ნათლისღების დრო - ადამიანის მთელი სიცოცხლეა.
სხეული ვერ იცოცხლებს სუნთქვის გარეშე, სული ვერ იარსებებს თუ არ იცნობს შემოქმედს, რამეთუ ღვთის არცნობა - სულის სიკვდილია, ხოლო უნათლავი ნათელს ვერ იღებს, ნათლის გარეშე კი როგორც თვალი ვერ ხედავს მას, რასაც უნდა ხედავდეს, ისე სულს არ შეუძლია განჭვრიტოს ღმერთი, ამიტომაც ნათლისღებისათვის ნებისმიერი დრო გამოდგება - ღამე იქნება თუ დღე, საათი თუ წამის გაელვება, ან თუნდაც უმოკლესი დროის მონაკვეთი.
იოანე სინანულის ნათლისცემას ქადაგებდა და მასთან მთელი იუდ-ეა გამოდიოდა, უფალი „შვილ-ღმრთისა ყოფის" ნათლისცემას ქა-დაგებს და მსასოებელთაგან ვინ არ დაემორჩილება მას? ის საწყისი ნათლისღებაა, ეს - დამგვირგვინებელი, ის ცოდვისაგან განშორებაა, ეს ღმერთთან შეერთება. იქ ერთი კაცი, იოანე ქადაგებდა და ყველა სინანულად მიისწრაფვოდა, შენ კი წინასწარმეტყველნი გმოძღვრავენ: „განიბანეთ, განიწმინდეთ" (ეს. 1-16), ფსალმუნნი შეგაგონებენ: „მოვედით მისა და განათლდით" (ფს. 33, 5); მოციქულნი გახარებენ: „შეინანეთ და ნათელ-იღენ კაცად კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა მისატევებლად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისა" (საქმ. 2, 38). თვით უფალი გიწვევს: „მოვე-დით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მათ. 11, 28).
შენ კი სახვალიოდ გადადებ, ფიქრობ, აყოვნებ? სიყრმითგან მოძღ-ვრებით გარემოცული ჯერაც ვერ მიეახლე ჭეშმარიტებას? განუწ-ყვეტლივ სწავლობ და ჯერაც ვერ შეიმეცნე? მთელი სიცოცხლე ცდი, სიბერემდე იკვლევ, როდისღა გაქრისტიანდები? როდის შევიტყობთ, რომ ჩვენიანი ხარ? წლების მანძილზე ელოდი ამ დროს, ფრთხილად, შენი აღთქმა სიცოცხლის ბოლომდე არ გაიწელოს. „თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი, რას დაბადებს დღე" (იგავ. 27-1). ნუ აღუთქვამ იმას, რაც შენი არაა.
სულის საიდუმლო ხვეულებში შეაღწიე, შენი საქმეები გაიხსენე, თუ ბევრი ცოდვა გაქვს, სულით არ დაეცე მათი სიმრავლის გამო, „სადა იგი განმრავლდა ცოდუა, მუნ უფროსად გარდაემატა მადლი" (რომ. 5. 20). შენ მხოლოდ მიიღე იგი, რამეთუ მეტის თანამდებს მეტი მიეტევება, რათა „უფროს შეიყუაროს" (ლუკ. 41. 43). თუ შენი ცოდვები არაა მრავალი, მნიშვნელოვანი და მომაკვდინებელი, რატომღა გაშფოთებს მომავალი, შენ, ვინაც ვაჟკაცურად აიტანე წარსული მაშინ, როცა სჯულის კანონით არ ხელმძღვანელობდი?!
წარმოიდგინე, თითქოს შენი სული ახლა სასწორზე დგას, ერთი მხრიდან ანგელოზები ეწევიან, მეორიდან დემონები, ვის დაუ-მორჩილებ გულს, ვინ გაიმარჯვებს შენში? ხორციელი სიამოვნება თუ სანუკვარი მომავალი? ანგელოზები მიგიღებენ თუ იმათ დარჩები, ვინაც აქამდე ბატონობდა შენზე? ჭაბუკი ხარ? ნათლისღების ლაგამით დააოკე შენი სიჭაბუკე, გაფურჩქვნის წლები მიილია? ნუ დაკარგავ კურთხეულ გზას, ნუ ენდობი ბოლო საათს, ნურც - პირველს, რადგან სიცოცხლის დასაწყისსაც აღსასრულის თვალით უნდა ხედავდე. ნათლისღება - ტყვეთა გამოხსნაა, ვალების მიტევება, ცოდვის სიკვდილი, ნათლით შემოსვა, ხელშეუხები ბეჭედი, ციური ეტლი, სასუფევლისათვის მზადება, ღვთის შვილობის მინიჭებაა. ნუთუ შენ, უბადრუკო, ამდენ წყალობას ხორციელ ტკბობას ამჯობინებ?
ეს დაყოვნებაც სხვას არაფერს გამოხატავს, თუ არა შემდეგს: „დაე, ჯერ ცოდვამ იმეფოს ჩემში, ოდესმე უფალიც იმეფებს". „ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდუასა, არამედ წარუდგინეთ თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკვდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა". (რომ. 6. 13).
ან ვინ მოგინიშნა სიცოცხლის საზღვარი? ვინ განგისაზღვრა სიბერის წლები? ვინ არის შენი მომავლის უტყუარი თავდები? ნუთუ ვერ ხედავ, სიკვდილი ბავშვსაც იტაცებს და ასაკოვანსაც? სიცოცხლეს ერთი ვადა ვინ დაუწესა?
ერთი გვყავს შემაქცევარი, ვინაც ცხონებისაკენ მიმავალ გზებს გვიხ-ლართავს - ჩვენ მასზე კეთილგონიერებით გავიმარჯვოთ, ის უმოქმედობას ჩაგვაგონებს - ჩვენ სამოქმედოდ აღვსდგეთ, ის ჩვენს გულს ცრუ იმედებით ხიბლავს - შევიცნოთ მისი ზრახვები. ის, თუმცა დღეს ცოდვის ქმნას არ გვირჩევს, მაგრამ სიმართლის „ხვალამდე" დაფარვაში გვარწმუნებს, უფალი აცამტვერებს მის მზაკვრულ რჩევებს და ამბობს: „დღეს თუ ხმისა მისისა ისმინოთ" (ფს. 94. 8). ის კი ამბობს „დღეს" - მე, „ხვალ" - უფალს. უფალი ღაღადებს: დღეს ხმისა ჩემისა ისმინეთ, მიუხვდი მტერს: იგი ვერ ბედავს გვირჩიოს სრულიად განვეშოროთ ღმერთს, „ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნის" (იერ. 4. 22), ხედავს, ჩვენ, კაცნი აწმყოთი ვცხოვრობთ და აწმყოსთვის ვშრომობთ, ამიტომაც წარგვტაცებს „დღეს" და გვიტოვებს „ხვალის" იმედს, მერე კი, როცა დადგება „ხვალ", კვლავ მოდის ჩვენი ბოროტი მონახევრე და ითხოვს „დღეს" თავისთვის, „ხვალეს" - უფლისათვის, და ასე, ყოველთვის, სიამეთა მეშვეობით აწმყოს წაგვრითა და მომავლის იმედების დასახვით შეუმჩნევლად გავყავართ ამ ცხოვრებიდან.
მაშ, შეუდექ და სრულიად მიუძღვენი თავი უფალს, მას შეუერთდი, ეკლესიას ეყმე, ისწავლე სახარებისეული ცხოვრების წესი: თვალის სიწმინდე, ენის დაოკება, ხორცის დამონება, საკუთარ თავზე მოკრძალებული წარმოდგენა, აზრის სიწრფელე, შენში მრისხანების ჩაკვლა. მოუკვდი ცოდვას, ჯვარს ეცვი ქრისტესთან ერთად, უფალს მიუძღვენი მთელი სიყვარული.
ან გეენიისგან შეძრწუნდი, კაცო, ან სასუფეველი ისურვე, ნუ უარყოფ მოწოდებას, ნუ იტყვი „განმიტევე" (ლუკ. 14. 18) მიზეზთა გამო. არავითარი მიზეზი არაა საკმარისი პატიებისათვის. მე ვტირი, როცა ვუფიქრდები რა სამარცხვინო საქმეებს ამჯობინებ უფლის უსაზღვრო დიდებას, თავაშვებული სიამოვნებით ცოდვას მიჯაჭვული თვით ეთხოვები აღთქმულ წყალობას, ზეციური იერუსალიმის დიდების ხილვას. იქ ანგელოზთა სიმრავლეა, პირველქმნილთა დასები, მოციქულთა ტახტი, წინასწარმეტყველთა თავკაცობა, პატრიარქთა კვერთხი, წამებულთა გვირგვინი, წმინდანთა ქებათა-ქება, ისურვე, რათა მათ მიეთვალო განბანილი და განწმენდილი მადლითა ქრი-სტესითა, რამეთუ მისია ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმ. ბასილი დიდი
Xareba.net - ის რედაქცია