წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმიდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. ამჯერად მეფის ვერანაირმა მუქარამ და შეგონებამ ვერ გადადრიკა იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. იაკობს თითო-თითოდ მოჰკვეთეს ჯერ ხელისა და ფეხის თითები, შემდეგ კი ხელ-ფეხი. წმიდანი დაუდუმებლად ლოცულობდა და მადლობას სწირავდა ღმერთს იმისთვის, რომ ჩადენილი ცოდვის ტანჯვით გამოსყიდვის საშუალება მიეცა. ბოლოს ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა 421 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება"
Xareba.net - ის რედაქცია