ხალხი ხშირად საუბრობს მოყვასის სიყვარულზე. მაგრამ რას ნიშნ-ავს ნამდვილად გიყვარდეს სხვა? გიყვარდეს, ნიშნავს სხვასთან ერთად გსურდეს ბედნიერებით ტკბობა. ყოველ ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს ესწრაფვოს უსაზღვრო სიხარულს, ბედნიერებას, ე.ი. კეთილდღეობას. ჩვენს გულს სხვა მისწრაფებაც ახასიათებს - ეს სიხარული ახლობლებს გაუზიაროს. თავისთავად ყველამ იცის, რომ როცა მის ცხოვრებაში ბედნიერი წუთები დგება, როცა უეცრად ჰპოვებს რაღაც ძალიან კარგს, სასიამოვნოს, ლამაზს - იქვე ჩნდება ახლობლების, მეგობრების, ნათესავების მოხმობის სურვილი - მათთვის ამ სიხარულის გასაზიარებლად. მაგრამ აი, ღმრთისაგან განდგომის გამო ადამიანმა აღარ იცის, რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება. შემოქმედმა ადამიანი იმისთვის შექმნა, რომ სიხარულს, ცხოვრების სისავსეს თუ სულიერ სიმდიდრეს ღმერთში პოულობდეს, კურთხეულ ერთობაში ღმერთთან და ღმერთში მოყვასთან. ადამიანს მხოლოდ ღმერთში შეეძლო ეპოვა ჭეშმარიტი ბედნიერება, ყველა შინაგანი სურვილის აღსრულება. მას შემდეგ, რაც ეს ორიენტირი დაკარგა, ადამიანი ჭეშარიტი კეთილდღეობის შემცვლელს დაეძებს წარმავალ სამყაროში: მიწაზე, ადამის ცოდვის გამო დაწყევლილზე (დაბ. 3-17), მიწაზე, განკითხვის დღეს ცეცხლისთვის განკუთვნილზე (II პეტ. 3-7). ახლა კაცთაგან ერთი თავის ბედნიერებას სიმდიდრეში ხედავს, მეორე - ამაო დიდებაში, მესამე - ავხორცობაში, სხვა - პატარა ობივატელურ სიმშვიდეში, თბილ "ოჯახურ ბუდეში"... შესაბამისად, ახლობლის "სიყვარულის გამო", მათ ჩაბმას კეთილდღეობის ილ-უზიის დევნაში ცდილობენ, აიძულებენ მათ გონებასა და გულს უნაყოფო ფუსფუსს დამორჩილდნენ, რომელსაც საბოლოოდ მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს. თვით მოტყუებულნი ბრაზობენ "საყვარელ" ადამიანებზეც, როცა ისინი არ თანაუგრძნობენ მათ ბრძოლას კეთილდღეობის ამ ქიმერისათვის.
დაცემული ადამიანი კვლავ ინარჩუნებს მოთხოვნილებას უყვარდეს, მას ისევ შეუძლია "თავგანწირვით" იზრუნოს ძვირფას ახლობელზე, არ დაიშუროს ძალა, ზოგჯერ სიცოცხლეც, რომ მოიპოვოს მისთვის ის, რასაც "ბედნიერებად" მიიჩნევს. მაგრამ თუ თვითონ ბედნიერებად თვლის იმას, რაც სინამდვილეში ჭეშმარიტი, საუკუნო კეთილ-დღეობის გზას განაშორებს და მასთან მიახლების საშუალებას ართმევს - მაშინ რა არის ეს "სიყვარული" თუ არა დამღუპველი სატანური საცდუნებელი? თითქოს მავანი განცხრომით მიირთმევს სასიკვდილო შხამით მოწამლულ კერძს, თვითონ ვერ ამჩნევს ამას და ძმობისა და სიყვარულის გრძნობით აღვსილი მეგობრებს უხმობს ტრაპეზის გასაზიარებლად - აი, სახე მიწიერი, არასულიერი სიყ-ვარულისა!
ამგვარად, იმისთვის, რომ ჭეშმარიტად, ღმერთში გვიყვარდეს მოყვა-სი, მისთვის ნამდვილი სიკეთის მოსატანად, ვალდებულნი ვართ, უწინარესად, კარგად გვესმოდეს, სწორად ვეძებოთ საკუთარი ბედ-ნიერება, გარდა ამისა, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვა-რული! დიახ, ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი, მაგრამ ამა სოფელში, მიწიერი სიკეთეები გვსურს, მიწიერი დიდება, წარმავალ წუთისო-ფელში ვეძებთ სიმშვიდეს, ნუგეშს, სიხარულს. მარადისობისათვის არ გვიყვარს საკუთარი თავი: საიქიო ცხოვრებას თითქმის არ ვიხსენებთ, ცხონებისათვის, შეწყალებისათვის, ცოდვით სიკვდილისაგან დახსნი-სათვის უგულოდ ვლოცულობთ, ზეციური სამეფოს დაუსრულებელ კეთილდღეობაზე ოდნავ თუ ჩავფიქრდებით, ხშირად ჩვენი სამუდამო ხვედრის შიშის გარეშე ვაკეთებთ იმას, რაც განგვაშორებს ღმერთს, საუკუნო ნეტარებას, იმას, რაც გაუნელებელი ტანჯვისათვის გაწირვით, დაუსრულებელი ბედნიერების წართმევით გვემუქრება. მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად, უშფოთველად ვეწაფებით ამ მომაკვდინებელი სასმელით სავსე თასს, ჩვენივე სინდისის მრისხანე გაფრთხილების მიუხედავად.
ამ სავალალო ყოფაში შევძლებთ კი წმინდად დავიცვათ უფლის მცნება "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მათ. 22-39)? სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს უნდა ვთხოვოთ არ ავნონ მაინც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს ვნებენ. მაშ, ასე, უპირველესად მოყვასში ღვთის ხატის თაყვანისცემას შევეცადოთ, მისი ცდუნებისა გვეში-ნოდეს, მის სულიერ ძიებას ვცეთ პატივი, გავფრთხილდეთ, ღვთისკენ სავალ გზას არ ავაცდინოთ, მიწიერი, ცოდვიანი განწყობა არ გადავცეთ, არ ჩავუნერგოთ ჩვენი მცირედმორწმუნეობა, სულმოკ-ლეობა, ხორციელი სიბრძნე, ჩვენი ნელთბილობით არ გავანელოთ მისი მოშურნეობა, ზეციურ მისწრაფებას არ მოვწყვიტოთ წარმავალ სიხარულთა შეთავაზებით. ჩვენი სულიერი ცხოვრების საწყის დონეზე ეს იქნება სწორი დასაწყისი მეცნიერების დასაუფლებლად: ქრისტეში გიყვარდეს მოყვასი შენი!
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია