ნიკოლოზის შეკითხვა: მამაო კონსტანტინე, თქვენ ხშირად საუბრობთ იესოს ლოცვის აუცილებლობაზე, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ეს ლოცვა მხოლოდ ბერებისა და მონაზვნების საქმეა. რას გვეტყვით ამ არგუმენტის საპასუხოდ?
პასუხი: განუწყვეტელი, შინაგანი იესოს ლოცვის ღვაწლი უძველესი დროიდან არსებობს არა მხოლოდ სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებში, არამედ ერისკაცებშიც. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვფლობთ იესოს ლოცვას თავისი სიღრმეებით, არამედ ვადასტურებთ იმ უტყუარ ფაქტს, რომ ეს ლოცვა დაშვებულია ერისკაცებისთვისაც. ამის შესახებ არა ერთი ძველი და ახალი დროის წმიდა მამა წერს: მაგალითად, წმ. გრიგოლ პალამას ცხოვრების აღმწერელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი თელოთე წერს: „დაე, ნუ ვინ იფიქრებს ძმანო ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სასულიერო პირებსა და ბერმონაზვნებს ევალება განუწყვეტელი ლოცვა და არა ერისკაცებსაც".
წმ. ბასილი დიდი გაუნათლებელ ქრისტიანებს ყველა ლოცვის კანონის იესოს ლოცვით ჩანაცვლების უფლებას აძლევდა და ეს წესი მთელ აღმოსავლეთ ეკლესიაში არსებობდა.
იესოს ლოცვის ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებლობის შესახებ წერდნენ ბოლო დროის წმიდა მამები: წმ. სერაფიმე საროველი, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, წმ. თეოფანე დაყუდებული და მრავალი სხვა წმიდა მამა.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ იესოს ლოცვა ხიბლში აგდებს ადამიანს. ხიბლს ლოცვა კი არა, მისი არასწორი შესრულება იწვევს.