ცენტრალურ ყაზახეთში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლისთანავე დაიწყო ეკლესიის დევნა. 30-იან წლებში ყარაგანდის მიდამოები ფაქტობრივად ყარაგანდელი სპეცგადასახლებულებისა და აღმსარებლების სისხლით მოირწყო. ღვთის დაშვებით, არნახული ტანჯვა-წამება გადაიტანა მრავალმა ადამიანმა, რომელთაგან უმრავლესობა სასულიერო პირი და მორწმუნე იყო. საშინელი ტანჯვის შედეგად ზოგი იწრთობოდა და უახლოვდებოდა ღმერთს, ზოგი კი სისასტიკესა და უიმედობაში ვარდებოდა. ახალმოწამე არქიმანდრიტი კონსტანტინე (ზაიცევი) წერდა: „ტანჯვის დროს ადამიანი შეიძლება მდიდრდებოდეს ღმერთში, და პირიქით, შეიძლება მდიდრდებოდეს ეშმაკშიც. სატანჯველმა შეიძლება ადამიანი აიყვანოს თაბორზე, მაგრამ შეიძლება შთანთქას სიბნელესა და ბოროტებაში. ამიტომ, თავისთავად, ტანჯვა არ გახლავთ უნივერსალური საშუალება ცხონებისათვის. ადამიანმა უნდა ისწავლოს ტანჯვა, ხოლო ამის სწავლა ქრისტეს მეშვეობით შეიძლება. მორწმუნე ადამიანი, თავმდაბლობითა და მადლიერებით ღებულობს სამკურნალო საშუალებებს და მკურნალობის მეთოდებს, რომლებსაც თავად ექიმი - ღმერთი დაუდგენს მას".
ყარაგანდის ეკლესია სავსე იყო იმ ადამიანებით, რომლებიც ტანჯვით მდიდრდებოდნენ ღმერთში. ისტორიამ დოკუმენტებსა და თვითმხილველთა მოგონებებში შემოგვინახა ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებმაც ერთნი ზეცად აღიყვანა, მეორენი...
„გულაგური აკადემია" ყველა ყარაგანდელმა სასულიერო პირმა და მორწმუნე ერისკაცმა გაიარა. მრავალმა მათგანმა დოკუმენტებსა და არქივებში დაამოწმა თავისი სარწმუნოება. ისინი აღმსარებლური და მოწამეობრივი ღვაწლით გაბრწყინდნენ წმინდანთა დასში. მაგრამ მრავალი ადამიანი არ არის კანონიზირებული, და მათი სახელები მხოლოდ ღმერთმა უწყის. მრავალი აღმსარებლისთვის, ღვთის გამოუცნობი განგებით, სატუსაღოდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრება უსისხლო მოწამეობით სრულდებოდა. სატუსაღო ცხოვრების მძიმე განსაცდელი უდიდეს სულიერ სიმტკიცეს ანიჭებდა მათ. იქ შეძენილი გამოცდილება და ტანჯვის დათმენის მაგალითები ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თანამედროვე ქრისტიანებისათვის, როგორც საოცარი მაგალითი მოთმინებისა და სიწმინდისა.
მართლა შესაძლებელი იყო ასეთ მძიმე პირობებში სარწმუნოების დაცვა, სასოების შენარჩუნება და თან ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა?! როგორც აღმოჩნდა... შესაძლებელი იყო!
ნეტარხსენებული სებასტიანე ყარაგანდელი თავის სულიერ შვილებთან საუბრისას ამბობდა, რომ უფალი ფარული ღვთისმსახურებების დროს ძლიერ ანუგეშებდა თავის ერთგულ სამწყსოს საპყრობილეში, რომელიც დაუვიწყარ კვალს ტოვებდა ყველა აღმსარებელზე. უფალმა მრავალი მათგანი მოწამეობრივი გვირგვინით დააჯილდოვა. ერთი შეხედვით, ისინი იყვნენ უბრალო ადამიანები ჩვეულებრივი ბიოგრაფიებით, რომლებმაც ცხოვრება მოწამეობრივი გვირგვინით დაასრულეს.
ყარაგანდელი ახალმოწამეების რიცხვში ათასობით საულიერო პირი და ერისკაცია, რომელთა შორის მრავალი ჩვენი თანამემამულეა: მღვდლები გერასიმე ნაკაიძე, ბენიამინ ღლონტი და სხვა.