მაშ ასე, ყარლაგი 1931 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა. ბანაკის ცენტრი ყარაგანდიდან 45 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა. ის 120 000 ჰექტარ ფართობს მოიცავდა. გარდა ამისა, ამ ტერიტორიის მიღმა ორი განყოფილება არსებობდა: აკმოლინსკისა და ბალხაშის. ყარლაგი ფაქტობრივად იყო სახელმწიფო სახელმწიფოში. ის რეალურ ძალაუფლებას ფლობდა. არჭურვილი იყო იარაღით, სატრანსპორტო საშუალებებით; ჰქონდა ფოსტა-ტელეგრაფი. ყარლაგი 26 განყოფილებისაგან შედგებოდა, რომლებიც 2-დან 400-მდე კილომეტრის რადიუსით იყო დაშორებული. განყოფილებებს ერთიანი სამეურნეო გეგმა აკავშირებდა და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს გეგმა არ შესრულებულიყო.
ყარლაგში მსჯავრდებულების საქმეები პროკურატურისა და ადვოკატის გარეშე განიხილებოდა. სასამართლოს ეძლეოდა ათ დღემდე ვადა, განაჩენი გასაჩივრებასა და შეწყალებას არ ექვემდებარებოდა. სიკვდილმისჯილების განაჩენის აღსრულება იქვე ხდებოდა. სიკვდილმისჯილებს მუხლებზე აყენებდნენ ორმოსთან, რომელიც წინასწარ იყო ამოთხრილი სხვა პატიმრების მიერ, და ზურგში ესროდნენ. ეგრეთ წოდებულმა „სამეულმა" (троика) 1937-38 წლებში ყარაგანდის ოლქში დახვრიტა 1495 ადამიანი. დახვრეტილებს აღრიცხვაზე აყენებდნენ გრიფით „მოკვდა", პირად საქმეებს კი ანადგურებდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ყარლაგის მეურნეობა სწრაფად ვითარდებოდა. მას გააჩნდა არა მხოლოდ იაფი მუშახელი, არამედ მძლავრი გონებრივი პოტენციალიც. ყარლაგში სასჯელს იხდიდნენ მსოფლიოში განთქმული მეცნიერები, მხედართმთავრები, კულტურის მუშაკები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და მონაზვნები.
აუტანელი იყო ყარლაგის საცხოვრებელი პირობები. 1941 წლის თებერვალში გულაგის მუშაკების მიერ შედგენილი აქტი მოწმობს: „პატიმრები სტანდარტულ ბანაკებში არიან განლაგებულნი. შინაგანი მოწყობილობა-ორმაგი ნარები. იატაკი მიწისაა. ბარაკებში ტალახი და ნესტია, ღუმელები ყოველდღიურად არ ინთება, მრავალ პატიმარს არ გააჩნია საწოლი მოწყობილობა, აბანო და სარეცხი საშუალებები საწვავის უქონლობის გამო, იშვიათად მუშაობს. შეინიშნება მასიური ტილიანობა, არასაკმარისი რაოდენობა თეთრეულისა, რომელიც არ იცვლება და არ ირეცხება. ზამთრის ტანისამოსით უზრუნველყოფილია 50%-ზე ნაკლები პატიმარი. უმრავლესობა სეზონის შეუფერებლადაა ჩაცმული - ზამთარში საზაფხულო ფეხსაცმელიც აცვიათ. ადუღებული წყალი არ არსებობს როგორც ბარაკებში, ისე სამუშაოზე. სამუშაოზე უბრალო წყალიც კი არა აქვთ. პატიმრები წყლის ნაცვლად ჭამენ თოვლს. საკვები მცირეა და ყველანაირ კალორიასაა მოკლებული. ხშირად ტანისამოსის უქონლობის გამო, პატიმარი სამუშაოზე ვერ გადის. ასეთ პატიმრებს ადებენ კოდს, როგორც სამუშაოს უარმყოფელთ, რომლებისათვისაც საკვები კიდევ უფრო მცირდება და შემდეგ ამ პატიმრებს აგზავნიან „შიზოში" (шизо), საჯარიმო იზოლატორში".
ყარლაგში 45 საჯარიმო იზოლატორი იყო, ყოველთვის გადავსებული. თუ 1938 წ. საბანაკო რეჟიმის დარღვევისათვის „შიზოში" 859 პატიმარი იმყოფებოდა, 1952 წ. – 16 000.
ყარლაგში ხშირი იყო გაქცევის შემთხვევები. ყველა ასეთი შემთხვევა გაქცეულთა ლიკვიდაციით სრულდებოდა. 1938 წ. მარტში გაქცევის მცდელობისათვის დახვრიტეს 56 ადამიანი. 1941 წ. მხოლოდ მაისის თვეში - 20 ადამიანი.
პატიმრების უმრავლესობა ძირითადად შიმშილისაგან იხოცებოდა. ყოფილი ყარლაგელი ა. პაიფერი თავის მოგონებებში წერდა: „ათი წლის პატიმრობის პერიოდი იყო ბრძოლა არსებობისათვის, ბრძოლა შიმშილთან, შიმშილი - მორალური დეგრადირებაა ადამიანისა... ამრიგად, ყარლაგში, როგორც მთლიანად გულაგში, უმრავლესობა არა დახვრეტის შედეგად, არამედ შიმშილისა და ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა".
Xareba.net - ის რედაქცია