ამჯერად რელიგიათაშორისი შეხვედრებისა და დიალოგების ორგანიზატორთა, მონაწილეთა და მომხრეთა ერთ-ერთი ძირითადი თეზა განვიხილოთ, რომლის თანახმადაც ყველა რელიგია შეიცავს თავის თავში რაღაც დადებითს, ხოლო უმსხვილეს მონოთეისტურ რელიგიებს - ქრისტიანობას, ისლამსა და იუდაიზმს, ერთი და იმავე ღმერთის სწამთ. ეს განაცხადეს urbi et orbi - ის შემხედვარე.1 მსგავსი მოსაზრების გავრცელებას სათავე ვატიკანის მეორე კრებამ (1962-1965 წწ) დაუდო, როცა თავის ენციკლიკაში „Nostra Aetate” არაქრისტიანულ საზოგადოებასთან ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ განაცხადა: „ეკლესია პატივისცემით ეკიდება მუსლიმთა რწმენას, რომლებიც ერთ ცოცხალ, მოწყალე და ყოვლადძლიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედს, ადამიანებთან მოსაუბრე ღმერთს სცემენ თაყვანს. ისინი მთელი სულითა და გულით ცდილობენ დაემორჩილონ ღვთის სანუკვარ ნებელობას, ვით აბრაამი ემორჩილებოდა ღმერთს, რომელიც ისლამში უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. ისინი, თუმც არ აღიარებენ იესოს ღმერთად, მაგრამ პატივს მიაგებენ მას, როგორც წინასწარმეტყველს. ასევე პატივს მიაგებენ უფლის დედასაც - ქალწულ მარიამს, რომელსაც დროდადრო კრძალულებით მიმართავენ თავიანთ ლოცვებში. გარდა ამისა, ისინი მოელიან განკითხვის დღეს, დროს, როდესაც ღმერთი ყველა ადამიანს აღადგენს და მიაგებს დამსახურებისამებრ. ამიტომ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ცხოვრების ზნეობრივ ნორმებს, ხოლო თავის ღვთისმოშიშებას ლოცვით, მარხვით და მოწყალებით გამოხატავენ".2
ხსენებული კრების მიერ დაწყებული საქმე, გულმოდგინედ განაგრძო პაპმა იოანე პავლე II-მ, რომელმაც თხუთმეტი წლის წინათ (1986 წ.) ასიზიაში პირველ რელიგიათაშორის შეხვედრას კადნიერად ჩაუყარა საფუძველი. აქ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ერთი და იმავე ცრუ ღმერთისთვის ლოცულობდნენ. ვატიკანსა და პაპს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობაც აჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენთან საფოსტო მარკებზე (აბრაამთან წმინდა სამების სტუმრობის მსგავსად) ერთად მსხდომ ქრისტიან მღვდელმსახურს, ებრაელ რაბინსა და მუსლიმ ხოჯას გამოხატავდნენ. ამ ახალ მკრეხელურ ტრიადას საჩუქრის სახით ლამაზად შეფუთული სამი „წმინდა" წიგნი: ებრაული თორა, სახარება და ყურანი მოჰყვებოდა. აშკარაა შეუთავსებლის შეთავსების, ნათელისა და ბნელის შერწყმის მცდელობა, რაც არა მხოლოდ ყურანს, არამედ ებრაელთა ძველი აღთქმის წიგნებსაც მიესადაგება, თუ ის არ განიმარტება ქრისტესა და სახარების თვალთახედვით. მაშინ ამ წიგნებსაც ესადაგება მაცხოვრის მკაცრი მხილება: „ვაი თქუენდა!" ასე ამხელს მაცხოვარი ებრაელ კანონმასწავლებლებს, რომლებთანაც ნათელი პირველი მივიდა და მაინც დარჩნენ ბნელში: „და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია", „თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (იონ. 1. 5. 11).
ა) კერპები და წმინდა მოწამეები
სხვადასხვა რელიგიები ერთსა და იმავე ღმერთს არ აღიარებენ. ზუსტად რომ განვსაზღვროთ, სხვა რელიგიის წარმომადგენლები ცრუ ღმერთს აღიარებენ, ვინაიდან არ სწამთ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმიდა, რომელიც განცხადდა ადამიანების წინაშე. ცხადია, არ არის აუცილებელი ვამტკიცოთ წარმართული რელიგიების სრული სიყალბე, ვინაიდან ჯერ კიდევ ძველმა აღთქმამ მკაცრად გამიჯნა იუდეველები და კერპთაყვანისმცემლები. საბოლოო დამარცხება კერპთაყვანისმცემლობას ქრისტემ და წმინდა მოწამეებმა აგემეს, როდესაც წარმართთა მეთაურები, წამების საშინელი მეთოდების მიუხედავდ, ვერაფერს გახდნენ, ვერ აიძულეს მოწამენი თაყვანი ეცათ უსულო კერპებისათვის. რატომღაც, დღეს ეს ღვაწლი აღარ ახსოვთ ქრისტიანთა იმ ხელმძღვანელებს, ერთობლივ ლოცვებზე რომ ეპატიჟებიან კერპთაყვანისმცემლებს. მსოფლიო საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე (უკეთ რომ ვთქვათ ეკლესიათა სიცრუისა და დეზორენტაციის მსოფლიო საბჭოზე), მეორე რელიგიათაშორის შეხვედრაზე ასიზიაში3, რომელიც პაპის მოწვევით შედგა. როგორც ჩანს, უკვე დაკარგა ძალა პავლე მოციქულის სიტყვებმა: „რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა სიცრუედ და პატივს ცემდეს და მსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე" (რომ. 1. 25).
„უცდომელი" პაპი წმინდა წერილზე აღმატებული ყოფილა. მან კერპთაყვანისმცემლები მოიწვია ლოცვაზე. საკითხავია, რომელი ღმერთისთვის ლოცულობდნენ? უსულო კერპებისთვის, ვისი მსგავსიც ხდება მათი თაყვანისმცემელი? „ემსგავსნენ მათ მომქმედნი მათნი" (ფს. 113. 12-16).
უფრო კანონზომიერი იქნებოდა მოციქულებისა და წმინდა მამების მემკვიდრე ქრისტიანი ეპისკოპოსი წმ. პავლე მოციქული მოქცე-ულიყო, როდესაც ათენსა თუ სხვა მიდამოებში არწმუნებდა წარმართებსა: „ხოლო თქუენ გეტყვ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურება ესე ჩემი ვადიდო." (რომ. 11. 13); „უწყით, რამეთუ ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უხმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით" (1 კორ. 12. 2). ჭეშმარიტი ღვთისშემეცნების იმ საწყის პერიოდში პავლე მოციქული არანაირ ანგარიშს არ უწევდა მოსალოდნელ შედეგებს. მას არ შეეძლო სხვაგვარად მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებოდა ცდომილებასა და ურწმუნოებაში იმ ხალხის დატოვების პასუხისმგებლობა, ვისკენაც მიმართული იყო მისი სიტყვა. მას არ უთქვამს წარმართებისთვის, რომ ყველა რელიგიას გააჩნია ჭეშმარიტების მარცვალი და რომ არ არის საჭირო ქრისტესა და სახარების ქადაგება.
რელიგიათაშორისი შეხვედრები შეურაცხყოფენ წმინდა მოწამეებს, რომლებიც, დევნისა და ტანჯვის მიუხედავად, ქრისტიანობის მქადაგებლები, მოციქულები და მასწავლებლები შეიქნენ, მრავალნი დაიცვნეს ცდომილებისაგან. დღეს გაბატონებული მსოფლმხედველობა უარყოფს წმინდა მოწამეთა ამგვარ პოზიციას, ვით უკიდურესობასა და ფუნდამენტალიზმს, ვინაიდან ის გამყარებულია რწმენით - მხოლოდ ქრისტეა ჭეშმარიტება და ცხოვრება. საიმისოდ, რომ არ დავკარგოთ ჭეშმარიტება, ადამიანი მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, სისხლიც დაღვაროს მისთვის. (ცხადია, საკუთარი და არა სხვისი, როგორც ამას ისლამისტი კამიკაძეები აკეთებენ, ტერაქტის დროს ათობით სხვა ადამიანის სიცოცხლესაც სწირავენ).
ქრისტეს მოწამეთა ცხოვრებასა და აპოლოგეტურ ქადაგებებში ვერ იპოვით რაიმენაირ ნელთბილ განცხადებას, რომ ყველა მორწმუნე ერთიანია, რომ ყველას შეუძლია იწამოს თავისი ღმერთი და თავისი შეხედულებისამებრ ეთაყვანოს მას. წმინდა მოწამეთა მამაცობის, გმირობის, უშიშრობის, გაბედულებისა და მსხვერპლის გარეშე, რასაც ცდომილებისა და უწმინდურების მხილება ითხოვდა, ვერ განმტკიცდებოდა ქრისტეს ეკლესია, სწორედ ის ეკლესია, რომლის წევრებადაც მიიჩნევენ თავს უფლის ჯვარცმას, წმინდა მოწამეთა სისხლის, მსხვერპლის, აღმსარებლობის შეურაცხმყოფელი ეპისკოპოსები და ღვთისმეტყველები.
ბ) იუდეველებისა და მუსლიმების ცრუღმერთი
ჭეშმარიტ ღმერთს არა მარტო კერპთაყვანისმცემლები შეურაცხყოფენ. იგივე უნდა ითქვას იუდეველებსა და მუსლიმებზეც, რომლებსაც არ სწამთ წმინდა სამება. ჭეშმარიტება თავად ღვთის მიერაა განცხადებული, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი არის ერთი და სამი ერთდროულად, ერთი - სამში და სამი - ერთში, მამა, ძე და სულიწმიდა. ამდენად, ერთადერთი არსებული ღმერთის, წმინდა სამების უარმყოფელთ, სწამთ არარსებული, ცრუ ღმერთის, არსობრივად - კერპის.
ამრიგად, არსებობს სამპიროვანი ღმერთი. მამა არასდროს ყოფილა მარტო ძისა და სულიწმიდის გარეშე. ძე და სულიწმიდა არ გახლავთ ქმნილება, მსგავსი სხვა ქმნილებებისა, როგორც ამას უმართებულოდ ასწავლიდნენ არიოზი, მაკედონი, იუდეველები და მუსლიმები. ისინი (ძე და სულიწმინდა) ხელთუქმნელნი, დაუსაბამონი, თანამარადიულნი და ერთარნი არიან მამა ღმერთისა. სადაც მამაა, იქაა ძეც, იქვეა სულიწმიდაც - დროსა თუ მარადისობაში.
ის ფაქტი, რომ ძველი აღთქმა შეფარულად საუბრობს წმინდა სამების შესახებ, სულაც არ ნიშნავს, რომ ის არაფერს ამბობს მასზე. ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა. უბრალოდ მაშინ წმინდა სამებაზე არ შეიძლებოდა განცხადებული საუბარი, როგორც ახალ აღთქმაში, ვინაიდან გასათვალისწინებელი იყო იმდროინდელ სამყაროში გაბატონებული კერპთაყვანისმცემლობა. იყო საშიშროება ებრაელები შეშვებოდნენ ერთი ღმერთის თაყვანისცემას და სამი სხვადასხვა ღმერთის არსებობა ერწმუნათ. ამიტომ ძველ აღთქმაში ხაზგასმითაა საუბარი ერთი ღმერთის თაყვანისცემის შესახებ.4 არის ასეთი სიტყვებიც: „ისმინე ისრაელო! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი". (მეორე რჯ. 6. 4). ესაია წინასწარმეტყველიც საუბრობს ღვთის სახელით (ეს. 43. 10).
ამრიგად, იუდეველების კერპთაყვანისცემისაკენ მიდრეკილებისა და მათი სულიერი უმწიფრობის გამო, მთელი სისავსით არ იყო განცხადებული წმინდა სამება, თუმცა იყო მინიშნებები ღმერთის სამპიროვნების შესახებ. ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებთ. იუდეველები ვერ იაზრებდნენ, თუ როგორ ვითარდებოდა ღვთაებრივის სამყაროში განცხადების პროცესი და როგორ ავსებდა ახალი აღთქმა ძველს. შედეგად, განაგრძობენ უმეცრებაში ყოფნას სამებასთან მიმართებაში, რაკი არ აღიარებენ ქრისტესა და სულიწმიდის ღვთაებრიობას. არსობრივად მათ არ სწამთ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ძველ აღთქმაში, კონკრეტული ისტორიული პირობებისა და მათივე სულიერი უმწიფრობის გამო მთელი სისავსით არ განცხადდა, ვით სამება ღმერთი. ქრისტე თავის ქადაგებებში სულ ცდილობდა მათ გულებამდე მიეტანა ეს ჭეშმარიტება და მრავალმა იუდეველმა ირწმუნა კიდეც ის. სწორედ იუდეველებისაგან შედგა პირველი ქრისტიანული კრებული, მოციქულები იუდველები იყვნენ. ამავე დროს, მრავალი ებრაელი დაბრკოლდა ქრისტეს სიტყვებით, რომ ის, მამის თანასწორია. „მე და მამა ერთი ვართ" (იონ. 10. 30). ისინი ქრისტეში მხოლოდ ადამიანს ხედავდნენ და არ აღიარებდნენ მასში ღმერთკაცს, რისთვისაც მრავალგზის შეეცადნენ მისი ქვებით ჩაქოლვას ამ სიტყვებით: „კეთილისა საქმისათვის ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათვის, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ" (იონ. 10. 33). თავად მოწაფეებსაც კი მაცხოვარი თავის ღვთაებრიობას ნელ-ნელა უცხადებდა. უფალმა შეაქო პეტრე, როდესაც მაცხოვრის შეკითხვაზე „რაჲ თქუან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?" ქრისტემ მოისმინა პეტრეს პასუხი: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა" (მათ. 16. 13. 16). მოგვიანებით, იმავე სიცხადით, თავად იესომ უპასუხა კაიაფას შეკითხვას: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ" (მათ. 26. 63. 64.).
ახალი აღთქმა, იოანე ნთლისმცემლის ქადაგებით დაწყებული, მოწმობს ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. როდესაც პირადად ესმა მამა ღმერთს ხმა, ეს მოწმობა ძე ღმერთის შესახებ, რომელმაც იხილა სულიწმიდა „ტრედის სახით" გარდამომავალი. ასე მიმდინარეობდა წმინდა სამების საიდუმლოს თანმიმდევრული განცხადება.
ამრიგად, ძისა და სულიწმიდის უარმყოფელებს არ სწამთ ჭეშმარიტი ღმერთი. იუდეველებმა, უარყვეს ქრისტე და თავიანთი ნებით დაიბრმავეს თავი. ასეთებად რჩებიან დღემდე, ვინაიდან ვერ შეიცნეს ჭეშმარიტება, სამპიროვანი ღმერთის ნათელი. მხოლოდ ქრისტეს რწმენა აძლევს ადამიანს ჭეშმარიტ ღვთისშემეცნებისა და ღვთისმჭვრეტელობის უნარს. (იონ. 14. 9-10). მამა ღმერთის შეცნობა მხოლოდ ძე ღმერთის მეშვეობითაა შესაძლებელი: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნ ძემან" (მათ. 11. 27). ბრმადშობილმა, ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება რომ აღიარა, თვალი აეხილა, ხორციელიც და სულიერიც. გულქვა ფარისევლები ხორციელი თვალით კი ხედავდნენ მას, მაგრამ სულიერ წყვდიადში ჩაფლულნი აღმოჩნდნენ. იგივე ემართებათ თანამედროვე იუდე-ველებსაც, რომლებზეც აღსრულდა მაცხოვრის წინასწარმეტყველება: „რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ" (იონ. 9. 38).
როგორ შეიძლება ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, მით უფრო ეპისკოპოსმა, განაცხადოს, რომ წმინდა სამებისა და ქრისტეს ღვთაებრიობის უარმყოფელ იუდეველებსა და მუსლიმებს ქრისტიანებთან ერთად სწამთ ერთი და იმავე ღმერთი? თავად მოციქულებს, იუდეველები რომ იყვნენ, უფრო დიდი სიყვარული და თანაგრძნობა ჰქონდათ თვისტომის მიმართ, ვიდრე ზოგიერთ თანამედროვე ქრისტიან ლიდერს, რომელიც ცდომილებაში ტოვებს მას, ვინც უნდა უარყოს ცდომილება და სინანულისა და ცხონების გზას შეუდგეს. ასე გავრცელდა კეთილი უწყება მთელ მსოფლიოში. (საქმე. 5. 14) - სწორედ თავდადებული სახარებისეული ქადაგებით, და არა ასიზიის ტიპის თათბირების წყალობით, სადაც სინამდვილეში არაფერს ამბობენ ქრისტეზე და უგულებელყოფენ სახარებას.
წმ. პირველმოწამე სტეფანემ ძველი აღთქმის სწავლებით შეიტყო ქრისტეს შესახებ და მკაცრად, გაბედულად ამხილა მაშინდელი და დღევანდელი იუდველები, როგორც მოღალატეები და მკვლევრები: „ქედ-ფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვიდნეს, რომელნი წინასწარ უთხრობდეს მოსვლასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინაგანმცემელ და მკვლელ იქმნენით" (საქმე. 7. 51-52). არსობრივად, ეს ზუსტი გამეორებაა იმისა, რაც ბრძანა თავად ქრისტემ მწიგნობართა და ფარისეველთა მხილებისას. ამასვე ამბობენ წმინდა მამები თხზულებებში „იუდეველების წინააღმდეგ", სადაც ეკუმენიზმის ადეპტები ფუნდამენტალიზმსა და ფანატიზმს პოულობენ. ისინი გვთავაზობენ თვით ღვთისმსახურების ტექსტებიდან ამოვიღოთ „ანტიიუდაისტური რიტორიკა". მსგავსი იდეები ეწინააღმდეგება სახარებას, აკნინებს წმინდა მოწამეთა ცხოვრებას. თუ მსგავს შეხედულებებს გავიაზრებთ, თვით ქრისტე, მოციქულები და მოწამენი ფუნდამენტალისტები და რადიკალები ყოფილან. დაე, იამაყონ რელიგიათაშორისი დიალოგების შეხვედრების ორგანიზატორებმა თავიანთი „პროგრესული" მიღწევებით. ჩვენი სიხარული და ქება სახარებასა და წმინდა მოწამეებს ეკუთვნის.
1„ქალაქსა და მსოფლიოს" (ლათ), ე.ი. ყველას გასაგონად - მთარგმნ.
2Постоновления Второго Ватиканского Собора. Т.7. Афины. გვ. 43-44.
32009 წ. 19-22 ოქტომბერს ქ. ასიზიაში.
4გამოსვლ. 20. 2-3.
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი
Xareba.net-ის რედაქცია