„..და იხილონ ძე კაცისა მომავალი
ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და
დიდებითა მრავლითა..." (მთ. 24.30).
ძე ღვთისას ამქვეყნიდან ზეცად ამაღლების დროიდან მორწმუნე ქრისტიანთა სულიერი ხედვა მიმართულია მსოფლიოს ისტორიის უდიდესი სამომავლო მოვლენის - უფლის ამქვეყნად მეორედ მოსვლისაკენ.
წმ. წერილში ზედმიწევნით ნათლადაა გადმოცემული ის ჭეშმარიტება, რომ ძე ღვთისა - იესო ქრისტე ისევ მოვა ამ ქვეყანაზე და უკვე არა ძე კაცის სიმდაბლით, არამედ მამის დიდებით, განცხადდება ვით ჭეშმარიტი ძე ღვთისა. ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების ხალხი იხილავს ჯვრით აღჭურვილსა და დიდებით მოსილ მაცხოვარს, დარწმუნდება მის ჭეშმარიტებაში და რადგან აქამდე მის მიმართ რწმენა არ ჰქონდა, მწარედ იგლოვს. (მთ. 24.30).
როგორც წმიდა წერილი ამბობს, უფალი მთელი თავისი დიდებითა და ანგელოზთა ურიცხვი დასით გარშემორტყმული მოვა: „...და იხილონ ძე კაცისა მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მთ. 24.31). მაშასადამე, მეორედ მოსვლა პირველისაგან განსხვავებული იქნება: უფალმა მაშინ „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე და სიკვდილითა მით ჯვარისათა" (ფლპ. 2.8). ხოლო მეორედ მოსვლისას იგი მოვა, რათა განიკითხოს ეს სოფელი, რათა მოეგოს ყოველ ადამიანს თავისი საქმეებისამებრ სამართლიანად. (მთ. 16.27). არსებითად, სწორედ ამით განსხვავდება მისი ამქვეყნად მეორედ მოსვლის მიზანი პირველისაგან. „რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ" (ინ. 3.17).
კაცობრიობის უმრავლესობამ, როგორც ვხედავთ, დაყარა ფარ-ხმალი ცოდვასთან ბრძოლაში. თანამედროვე ადამიანმა ყოველივე უარყო: ჭეშმარიტი სარწმუნოება, მარადიული ცხოვრება, განკაცებული ღმერთი და თავად სცადა თავისი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება. ხოლო ღმერთკაცმა ყველაფერი სრულიად გადაწყვიტა მეორედ მოსვლით. და ყოველთა მკვდრეთით აღდგომით!
უდავოა, რომ კაცობრიობის თანამედროვე კულტურა და ცივილიზაცია ღვთისმბრძოლი პრინციპებით საზრდოობს. ის თავისი ფილოსოფიითა და მეცნიერებით, თავისი პოლიტიკითა და ტექნიკით, თავისი „რელიგიითა" და ზნეობით დიდი ხანია ომობს უფალ იესო ქრისტეს წინააღმდეგ.
თანამედროვე ადანიანმა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როდესაც უკიდურესი ამპარტავნების გამო თავი „გააღმერთა", ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო და მის მეუფედ ანტიქრისტეს მეფობა ინდომა. მაგრამ, როგორც პირველი ბაბილონის გოდოლი დაინგრა და მისი მშენებლებიც შეიმუსრნენ, ასევ ახალი ბაბილონიც დაეცემა და ანტიქრისტეს მეუფებაც მას მიჰყვება.
თანამედროვე ცივილიზაცია ქმნილებებს აღმერთებს, მათს შემოქმედ ღმერთს კი - უარყოფს; ცრუ მოძღვრებებს - იგონებს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას კი - განეშორება. ამიტომაც ის სამართლიანად მოიმკის თავის სასჯელს.