კითხვა: შვეიცარიის მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლი-ტის გამოსვლის ტექსტში, რომელიც მართლმადიდებლებისა და მუსულმანების დიალოგის დროს იქნა წაკითხული, ვხვდებით შემდეგ ფრაზას: „ეკლესია ან ტაძარი ადგილია სიმდაბლისა, სადაც ყველა ადამიანი აღიარებს თავის არარაობას და მზერას ადამიანის ერთსა და იმავე სულიერ ღირსებას მიაპყრობს." ამ ფრაზამ ჩვენ გაგვაოცა და გვაინტერესებს თქვენი აზრი.
პასუხი: საუბედუროდ, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ეს და სხვა ფრაზები, ასევე იმ მართლმადიდებელთა და უცხო რჯულის თეოლოგთა გამონათქვამები, რომლებიც მუსულმანებთან დიალოგით არიან დაკავებულები, გამოხატავს ამ დიალოგის წარმმართველ სინკრეტულ სულს.
გაოგნებული ვარ, როგორაა შესაძლებელი, რომ ეკლესია და მეჩეთი (მაშასადამე ასევე სინაგოგა ან სხვა რომელიმე ერთპიროვანი ღვთაების ტაძარი) ადამიანს ერთსა და იმავე სულიერი ღირსებისკენ მიმავალ გზას უჩვენებდეს. მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი ფრაზები უყურადღებობითაა ნათქვამი და არ წარმოადგენს გააზრებულ მტკიცებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვწუხვარ, მაგრამ მაინც უნდა ითქვას - საქმე აშკარა დაცემასთან, ქრისტიანული სარწმუნოებიდან განდგომასთან გვაქვს. მაგრამ მსგავსი ფრაზების თქმა უყურად-ღებობითაც კი დაუშვებელია. სარწმუნოებრივი საკითხებით არ უნდა ვთამაშობდეთ. როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ მეჩეთში, სადაც იქადაგება ყურანი მთელი თავისი სიცრუით, სადაც ზიზღით უარიყოფა სამპიროვანი ღმერთის და ქრისტე მაცხოვრის, როგორც ღმერთის, რწმენა, სადაც „მორწმუნეები" არ იღებენ საღმრთო მადლს წმიდა საიდუმლოთი და არ ხდებიან ქრისტეს სხეულის ნაწილი, ჰქონდეთ თანაბარი სულიერი ღირსება მათთან, რომლებიც მართლმადიდებლურ ტაძარში წმიდა სამებას შესწირავენ მსხვერპლს და წმიდათა საიდუმლოთა თანამონაწილენი არიან? მხოლოდ მართლმადიდებლური ტაძრის ენკენიათა სადღესასწაულო აკოლო-თიაც საკმარისია იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ ვთქვათ.
ვინაიდან ამ დიალოგის თემა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება პრი-ნციპულად და სწრაფად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოსაზრება. თუკი მსგავსი აზრი გაბატონდება, ეს ნიშნავს რომ „იქადაგების სხუად სახარებად", ვინაიდან ქრისტეს სახარება ნათლად ამბობს: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ჰსცხონდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16) და კიდევ: „არავინ არს სხვით (გარნა იესო ქრისტესი) ცხორებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაი ჩუენდა" (საქმ. 4,12). (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა"