ჩვენი სარწმუნოების მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა სულთმოფენობა გახლავთ. ეს არის სულიწმიდის გარდამოსვლისა და ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე. ამ დღეს ქრისტეს მოწაფენი "აღივსნენ სულიწმიდით", განათლდნენ და მიიღეს მადლმოსილი ნიჭი საიმისოდ, რომ მთელი მსოფლიოს მასწავლებლები გამხდარიყვნენ. ისინი იყვნენ პირველი აღმასრულებელნი მაცხოვნებელი საიდუმლოებებისა, რომელთაც უნიკალურად იცავს ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია.
სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე ვისაუბრებთ.
ჩნდება კითხვა, რა არის ეკლესია?
ეკლესია ქრისტეს სხეულია, რომლის თავი თავად ქრისტეა, ხოლო მისი წევრები ყველა ნათელღებული, ქრისტეს ღვთაებრიობის აღმსარებელი ადამიანია. უშუალოდ ამას ავტორიტეტულად ასწავლის ეკლესია, მოძღვრები, ბერ-მონაზვნობა და ერისკაცები. მასში (ეკლესიაში) იმყოფებიან ქრისტეს სხეულის "ერთსულოვანი" წევრები, როგორც სულთმოფენობის დღეს შეკრებილი მოციქულები, რათა მართებულად აღავლინონ ღვთის თაყვანისცემა და წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით მოიხვეჭონ მადლი სულიწმიდისა. სწორედ ეს არის "ცოცხალი ღმერთის ეკლესია", აქ მკვიდრობს თავად ქრისტე, მამა ღმერთი, სულიწმიდა, რათა მორწმუნეთა განათლება და განწმენდა განხორციელდეს. ამ ეკლესიის მკვიდრნი არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებსაც თავიანთი საღვთისმსახურო ცენტრი გააჩნიათ ქრისტეს სხეულში და ისინი ამ სხეულის წევრები არიან.
ეკლესია არის ერთიანი, ის ასეთია არსით იმიტომ, რომ მისი დამაარსებელი და თავი ქრისტეა. ასევე ერთია ჭეშმარიტება, რომელსაც გვაუწყებს დედაეკლესია. ხოლო თუ ვინმე არ აღიარებს ეკლესიის უნიკალურობას (უნივერსალურობას) და მის დოგმატებს მოძველებულად მიიჩნევს, საკუთარ მიუღებელ შეხედულებებს ქადაგებს და ამახინჯებს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას, ასეთი ადამიანი ერეტიკოსი გახლავთ. ის უკუგდებულია ეკლესიის სხეულისაგან. ასეთივე დოზის ერეტიკოსები არიან ეკუმენისტებიც, რომლებიც უკეთურად ასწავლიან, რომ თითქოს არსებობდეს მრავალი მაცხოვნებელი ეკლესია.
თუ რომელიმე "მართლმადიდებელი მოძღვარი" მსგავსი შინაარსის მიუღებელ შეხედულებებსა და ეკუმენისტურ ბოდვას იქადაგებს, პერსონალურად კარგავს მადლს, თუმცა მის მიერ აღსრულებული საიდუმლოებები ნამდვილია. საუბარია ცუდ მოძღვრებზე, რომლებიც შემცდარან და ცხვრის ტყავში შემოსილი მგლები არიან.
უცილობლივ უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი ადამიანებისა და მათი მიმდევრების ცხონების საკითხი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ამას გვასწავლის წმიდა მოციქულთა გადმოცემა, ეს გვიანდერძეს წმინდანებმა და ამას ვაღიარებთ და გვწამს დღეს ჩვენ. ზოგიერთნი, ჩვენი ასეთი პოზიციის გამო, არაკეთილგანწყობილნი არიან ჩვენდამი, მაგრამ იქნებ მათ გაიღვიძონ სულიერი ძილისაგან და შეწყვიტონ საშინელი კომპრომისი. ამრიგად, მართლმადიდებელი ქრისტიანია ის, ვინც ერთობაშია თავის ეკლესიასთან, წმინდანებთან, ღვთივგანბრძნობილ მოძღვრებთან და მონაზვნებთან; სწამს და უშუალოდ აღიარებს იმას, რასაც ასწავლის დედაეკლესია. ასეთი ადამიანი ცხოვრობს ნათელში, განუწყვეტელ სულიერ ბრძოლაშია მრავალრიცხოვან ერესებთან და მათ მიმდევრებთან.
არ არის საკმარისი ეკლესიის ფორმალური წევრობა. რა თქმა უნდა, ეს უცილობელი პირობაა, გარდა ამისა, ის უნდა ემორჩილებოდეს ჭეშმარიტ სწავლებას და თავისი ცხოვრების ყოველ ასპექტში მისით უნდა ხელმძღვანელობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეკლესია - ხომალდს მღელვარე ტალღები და ქარბუქი არყევს, რომლის შემოტევასაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ღირსეულად უნდა უმკლავდებოდეს. ის უნდა გაუმკლავდეს მრავალრიცხოვან ერესებს, ეკუმენიზმს, ათეიზმსა და ახალი საუკუნის მოძრაობას იმისათვის, რომ აღივსოს იმედით, რომ მიაღწევს თავისი დანიშნულების ადგილს, მშვიდ ნავთსაყუდელს ცათა სასუფეველში. ხოლო, რომლებიც იმყოფებიან ხომალდზე და არ გააჩნიათ შესაფერი რწმენა, ვერ მიადგებიან სასურველ ნაპირს და ვერ მიიღებენ ცხონებად. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ეკლესია - ხომალდს რაიმე პრობლემა აქვს, არამედ ეკიპაჟის წევრები წმინდა მცნებების დაცვის სანაცვლოდ, ეგოიზმის ზეგავლენით კადნიერად იმაღლებენ ხმას, მიაჩნიათ რა, რომ უფლებამოსილნი არიან შეცვალონ ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება.
დიახ, ეკლესია აცხონებს, ვინაიდან ის წმინდაა. ჩვენ ყველანი ერთხმად ვაღიარებთ "ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის" ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ მისი თავი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმინდაა. წმინდაა წმინდათა. ეკლესიის მიზანიც წმინდაა ადამიანების შეცდომების, ცოდვებისა და ნაკლულევანებების მიუხედავად, მასში "ღვთის შიშით სხეულისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან განვიწმინდებით", იმიტომ რომ მისი სიწმინდე მაცხოვნებელია. სწორედ ამ მიზეზით პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას. სულიერად აღჭურვილებმა წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ეშმაკის შთაგონებულ ყოველგვარ ცრუსწავლებას, იმიტომ რომ მისი მიზანი არა მარტო სარწმუნოებრივი დოგმების, არამედ წმინდა ცხოვრების წესის დამახინჯებაა, რომელიც დაცულია ქრისტეს სხეულში, ეკლესიაში.
ამრიგად, დღეს სულთმოფენობაა - ეკლესიის დაბადების დღეა. მცნებად და ვალდებულებად დაგვეკისრა შემდეგი ამოცანა: დავიცვათ ეკლესიის სიწმინდე, მთელი გულითა და სულით აღვუვლინოთ დიდება და მადლიერება ნუგეშისმცემელ სულიწმიდას. ასევე ჩვენ წინაშე დგას ამოცანა - ყოველთვის მყარად ვიდგეთ ჭეშმარიტების ბასტიონზე, რომელსაც უზარმაზარი მიზანი აქვს.
დაე, არასდროს დავივიწყოთ მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენ-ელის საოცარი სიტყვები: "ეკლესიის მიღმა არ არის ცხონება".
Православный Апологет. 2015.
არქიმანდრიტი იოილ კონსტანდოროსი
Xareba.net - ის რედაქცია