წმიდა ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი - ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.
ერთხელ მცხეთელმა სპარსელებმა დღესასწაულზე მიიწვიეს ევსტათი, მაგრამ წმიდანმა შორს დაიჭირა: „მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდილ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარო", - შეუთვალა მან ძველ თანამემამულეებს. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმიდანი.
ევსტათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი გაიფიქრა: „ესენი ჩემი მოყვარენი არიან და თუ ამათი შემეშინდება, სხვასთან როგორღა მოვიქცევი. წავალ და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რამეთუ წერილ არს: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა".
უსტამმა სადაურობა გამოჰკითხა ევსტათის. წმიდანმა მიუგო: სპარსელი ვარ, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. მამაჩემი მოგვი იყო, მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, შევისწავლე მათი რჯული, ვარჩიე მოგვობას და ახლა ქრისტიანი ვარ.
უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შედგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.
მარზპანმა მკაცრად დაჰკითხა ქრისტეს მსასოებელი სპარსელები. მათ უპასუხეს: „მამულსაღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა".
განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს - შეეწყალებინათ.
ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა - ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.
სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი. წმიდა ევსტათი სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს: „ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა აღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ მყო და მათ მე არღარა გა-ნმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაჲთა".
წმიდა ევსტათი შეევედრა ღმერთს: „უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტიანობით, ჴორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ გიჩნს განგდებაჲ გარე და შეჭმაჲ ძაღლთა და ფრინველთა ცისათაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთა ბრძანე აქვე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს".
წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი სიმშვენიერით მოხიბლულმა ბუზმირმა ტკბილად მიმართა წმიდანს: „შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტეანებისათჳს და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შჳლთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა". წმიდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად. ვიდრე საპყრობილეს მიაღწევდნენ, მან ითხოვა ლოცვისათვის დრო მიეცათ, მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: „უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხორებაჲ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახლსა წმიდასა შენსა; რომელმან ისმინე ლოცვაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ... ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინაა, არამედ რაჲთა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი და რათა აქუნდეს მადლი და კურნებაჲ ძუალთა ჩემთა, ვითარცა იგი პირველთა მათ". უცებ გაისმა ხმა: „არა უნაკლულეს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისათა, რომელთა ვჰრწმენე მე, ხოლო გუამისა შენისათჳს ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად". მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს.
ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.
"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი"
Xareba.net - ის რედაქცია