დღეს საერთაშორისო სამართლის რეალური ფუძემდებლები - დასავლეთის პოლიტიკოსები, მაღალი ჩინოვნიკები და გავლენიანი საზოგადო მოღვაწენი - მზად არიან საბჭოთა მაგალითების მსგავსად, არამარტო განაცალკეონ ეკლესია სახელმწიფოსაგან, არამედ განაგდონ იგი „ნებაყოფლობით" ემიგრაციაში. გაისმის სკოლიდან რელიგიის სწავლების ამოღების ან მკაცრი იდეოლოგიური კონტროლისაკენ მოწოდება. ასევე ყველა რელიგიას, რომელიც თავს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიარებს, მიიჩნევენ „შფოთისა" და „დისკრიმინაციის" შემომტანად.
გლობალიზაციის მთავარი საკითხი ფასეულობათა საკითხია. მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ცხოვრების ძირითადი მიზანი სულის ცხონება, ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაა. ერთადერთი ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი სარწმუნოების შენარჩუნება და ქადაგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. „სოფელი ესე" და მისი თანამედროვე იდეოლოგიები ცდილობენ სხვა სწავლება დანერგონ. სიმდიდრის, ძალაუფლების, კომფორტის, თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დაცვა და პროპაგანდა მათთვის ერთადერთი ფასეულობაა. ცოდვა, თუ იგი სხვა ადამიანს ზიანს არ მიაყენებს, ნორმად არის მიჩნეული. ჰუმანიზმის საფუძველზე ცდილობენ შეიმუშაონ „გლობალური ეთიკა", რომლის ძირითადი მიზანია მინიმალურ ნორმებამდე დაიყვანონ ყველა სწავლება, რომელიც განაპირობებს კაცობრიობის უპრობლემო არსებობას თანამედროვე სამყაროში. ასეთი ეთიკა ძირეულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას: ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ჩვენი კეთილი საქმეები უნაყოფოა, ერთადერთი საშუალება ზნეობრივი სრულყოფილების მისაღწევად ღვთისაგან მინიჭებული მადლია, რომელიც ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობით გვეძლევა.
ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ: მართლმადიდებლობა და სეკულარული ჰუმანიზმი პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩვენთვის ნათელია: ადამიანი ყველანაირი საშუალებით უნდა მოვარიდოთ ცოდვას. ჩვენი ოპონენტები კი პირიქით ფიქრობენ: ადამიანური თავისუფლების შეზღუდვას დანაშაულად აცხადებენ და ებრძვიან მას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რწმენისა და ერის სულიერი სიმდიდრის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო. ჰუმანისტებისათვის კი რწმენისათვის თავდადება არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის უმჯობესია მოვკვდეთ, ვიდრე უცხო სარწმუნოებას ვეზიაროთ, ჩვენთვის მთავარია სასუფევლის დამკვიდრება. მათთვის კი ამქვეყნიური ცხოვრებაა მნიშვნელოვანი და მის მიღმა არაფერი სწამთ.
გლობალიზაციის მეორე საკითხია მსოფლიოზე ბატონ-პატრონობა. თითქმის მთელ მსოფლიოში დემოკრატიული მმართველობის სისტემა დამკვიდრდა, სადაც გადამწყვეტი ხმა ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას გააჩნია. თუმცა დემოკრატიის კრიზისის მიზეზად სულ უფრო ხშირად გვევლინება გლობალიზაცია. 2001წ. ბუდაპეშტში საერთაშორისო ქრისტიანულ კონფერენციაზე იმსჯელეს გლობალიზაციის შედეგებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენცია მივიდა დასკვნამდე: გლობალიზაციამ ძირეულად გარდაქმნა ხელისუფლების სახე. დომოკრატიული პრინციპებით არჩეული მთავრობები და მათი წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში რეალურად თმობენ და აგებენ გავლენიან საერთაშორისო ბიუროკრატიულ მანქანასთან, ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან. რეალურად არავის მიერ არჩეული „არაფორმალური" ხელისუფლება მსოფლიო საკითხების გადამწყვეტ რეალურ ცენტრად გვევლინება.
მსოფლიომ უნდა იცოდეს, ვინ განაგებს მის ბედს: თვითონ ხალხი თუ გავლენიან პირთა მცირე ჯგუფი, რომელმაც „ბრბოს" ხელმძღვანელობა უკითხავად მიითვისა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ. მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეგვიძლია და უნდა ვეცადოთ გავლენა ვიქონიოთ საერთაშორისო პროცესებზე. რა არის ამისათვის საჭირო?
უპირველესად: ყურადღებით დავუკვირდეთ ჩვენს პოლიტიკოსებს საერთაშორისო არენაზე, თუ საჭირო იქნება, მოვითხოვოთ მათი პოზიციის შეცვლა. იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც მართლმადიდებელი მოსახლეობა ჭარბობს, მნიშვნელოვანი კანონისა თუ ერისკაცისთვის საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გაითვალისწინოს ხალხის ნება. ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ვიცოდეთ პრობლემის არსი და გვქონდეს სათანადო ინფორმაცია. ამასთანავე, უფლება გვაქვს მოვითხოვოთ იმ ხელშეკრულებების უკუგდება, რომლებიც ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებენ. თუ ხელშეკრულება უკვე დადებულია, უფლება გვაქვს შევაჩეროთ მისი დაკანონება პარლამენტის საშუალებით.
და ბოლოს, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, დაბლოკოს იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ პრეზიდენტს, სამინისტროებს, პარლამენტს.
ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გამოვუცხადოთ ჩვენი გულისტკივილი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათი უმრავლესობა მზადაა დიალოგისათვის...
გლობალიზაცია არაერთგვაროვანი პროცესია, რომელსაც დიდი საფრთხე მოაქვს. ის ანტიქრისტეს წინამორბედი იქნება. თუ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ, ეს უმეტესად ჩვენზეა დამოკიდებული - მართლმადიდებელ ქრისტიანთა მოქალაქეობრივ პოზიციაზე. უპირველესად არ უნდა შევუშინდეთ გაურკვეველ მოვლენებს, არამედ გავიგოთ მათი არსი და დავადგინოთ, რამდენად სახიფათოა იგი ჩვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები გამოიყენებენ ჩვენს გულგრილობას. ამიტომ მეტი მოშურნეობით გვმართებს მოქმედება.
მოქმედებისას უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: „ნუ გეშინინ მცირედსა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-ყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკ. 12.32).
„მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი" (იოან. 14.6).
ჟურნალიდან: „Православная беседа"
თარგმნა: დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია