არიან ისეთი კეთილკრძალული ადამიანებიც, რომლებიც ვერ გულისხმაყოფენ საღმრთო წერილს და, როცა ხედავენ, რომ რომელიმე ქრისტიანი ხშირად ეზიარება, წინ აღუდგებიან მას და საყვედურით ეუბნებიან: ასე მხოლოდ მღდელმსახურები უნდა იქცეოდნენ და თუ შენ გსურს, ხშირად ეზიარო, მაშინ შენც მღვდელმსახური გახდიო.
ასეთ ადამიანებს ჩვენ ვუპასუხებთ არა საკუთარი, არამედ საღმრთო წერილის, წმინდა კრებების, წმინდათა და ეკლესიის მასწავლებელთა სიტყვებით. ჩვენ ვამბობთ, რომ მღვდელმსახურთა მოვალეობა არის ის, რომ სწირავდნენ საღმრთო ძღვენს, რათა მათი შუამავლობით, და მათ მიერ სულიწმინდის მოწვევით - რამეთუ ისინი სულიწმინდის იარაღს წარმოადგენენ - ხდებოდეს ამ ძღვენის განწმენდა. ასევე ისიც, რომ შუამდგომლობდნენ ხალხისათვის ღმრთის წინაშე და ასრულებდნენ სხვა მღვდელმსახურებებს, რასაც ვერ შეასრულებს ის, ვისაც ეს წოდება ხელდასმით არ მიუღია. ხოლო როცა დგება დრო საღმრთო ძღვენთან მიახლოებისა, როცა ისინი ზიარებისთვის ემზადებიან, მაშინ მღვდელმსახურებს ერისკაცთაგან და მონაზონთაგან აღარაფერი განასხვავებს, იმ ერთადერთის გარდა, რომ მღვდელმსახურნი აზიარებენ, ხოლო ერისკაცნი ეზიარებიან და ისიც, რომ მღვდლები საკურთხეველში, და ამასთან, ეზიარებიან უშუალოდ. წმინდა კოვზის გარეშე, ხოლო ერისკაცნი - საკურთხევლის გარეთ, წმიდა კოვზით.
ეს რომ ჭეშმარიტებაა და რომ მღვდლებს ზიარების დროს ერისკაცთაგან არაფერი განასხვავებს, დაე, ამაში ჩვენი მოწმე იყოს ღმრთაებრივი ოქროპირი, რომელიც ამბობს: „ერთი ტაბლაი დაგებულ არს ყოველთადა, ერთისა მამისა შვილნი ვართ", ყველა ერთიანად ევნო ამ შობით, ანუ ყველა ერთი დედისაგან - „ერთისა ემბაზისაგან შობილ ვართ. ერთი სასუმელი ერთისა ბარძიმისაგან მოცემულ არს სუმად ჩვენდა" ანუ უფლის სისხლი ეძლევა ყველას: მღვდლებსაც და ერისკაცებსაც. და ამასთან, ერთია არა მხოლოდ სასმელი, არამედ სასმისიც, „რომელ ესე ფრიადისა სიყვარულისა და ერთობისა სახე არს და ამისთვის ესრეთ განაწესა სახიერმან მან მამამან წყალობისამან, რაითა ყოვლითურთ შემაერთნეს წესითა მით სიყვარულისაითა".
სხვაგან კი ამბობს: „ზოგიერთ საქმეში მღვდელი არაფრით განირჩევა ერისკაცთაგან. მაგალითად, როცა ვეზიარებით ყველა ერთსა და იმავე საზრდელს იღებს. ისე კი არა, როგორც ძველ აღთქმაში ხდებოდა: სხვა საზრდელს იღებდა მღვდელი და სხვას უბრალო კაცი (ვისაც ხელდასხმა არ მიუღია). კანონი ხომ ხალხს ნებას არ აძლევდა ეჭამა ის, რასაც ჭამდა მღვდელი. ახლა ასე არ არის, ყველას ერთი ხორცი გვეძლევა და ბარძიმიც ერთია". სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახარების მადლით საღმრთო ტრაპეზზე ყველასთვის მზადაა ერთი და იგივე ხორცი ღმრთისა და საერთო ბარძიმი.
სვიმეონ თესალონიკელი წერს: „უნდა ეზიარებოდეს ყველა მართალი. ეს არ არის მხოლოდ მღვდელმთავრის საქმე. მისი მოვალეობაა აღასრულებდეს მღვდელმოქმედებას უფლის ამ ყოვლადწინდა ხორცისას და სისხლისას და აძლევდეს ყოველ მართალს საზიარებლად, მხოლოდ ამაშია უფლის ყოვლადწმინდა ხორცისა და სისხლის დანიშნულება".
წიგნში, „საღმრთო საიდუმლოების შესახებ" იობ ამორტოლი წერს: „ზუსტი აღსულება - მიზანიც და საქმეც (ლიტურგიისა) მაცხოვნებელ და საშინელ საიდუმლოებებთან და სიწმინდეებთან ზიარებაშია". ამიტომ თავდაპირველად ისინი ეძლევა მღვდლებს საკურთხეველში, ხოლო შემდეგ - საკურთხევლის გარეთ ზიარებისთვის მომზადებულ ერს.
ეს აუცილებელს ხდის, პირველად ეზიარონ საღმრთო ძღვენის შემწირველი მღვდლები, ხოლო შემდეგ ეზიაროს მთელი ერი. ამას მღვდელმოწამე კლიმენტიც ამოწმებს, როცა ამბობს: „ეზიარონ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, მკითხველები და მგალობლები, მოღვაწენი, ხოლო დედაკაცთაგან - დიაკონისები, ქალწულები, ქვრივები, შემდეგ ბავშვები და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს მთელი ერი წესის დაცვით, ღმრთის შიშით და უხმაუროდ".
ზემოხსენებული იობი იმასაც ამბობს, რომ ღირსეულთ აქვთ უფლება, ყოველდღიურად ეზიარონ. და ეს უფლება ეძლევა განურჩევლად ყველას, მღვდლებსაც და ერისკაცებსაც, ჩვილებსაც და მოხუცებსაც - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეძლევა ნებისმიერი ასაკისა და ღირსების მქონე ყველა ქრისტიანს.
ის მღვდლები კი, რომლების საღმრთო ძღვენთან კეთილლმოშიშებითა და რწმენით მიახლებულ ქრისტიანებს არ აზიარებენ, განისჯებიან ღმრთისგან როგორც მკვლელები, თანახმად წინასწარმეტყველ ოსეს სიტყვისა: „დამალეს მღვდელთა გზაი. მოაკუდინეს სიკიმაი, რამეთუ უსჯულოება ქმნეს" (ოს. 6.9.), სხვაგვარად რომ ვთქვათ, მღვდლებმა დამალეს გზა, ნება და შჯული ღმრთისა და არ გამოაჩინეს, მოაკლეს სიკიმაი და ყვეს უშჯულოება ერსა ჩემსა შორის.
ოღონდ მე მიკვირს და ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობენ ისეთი მღვდლები, რომლებიც განდევნიან ზიარებისათვის მიახლებულ ქრისტინებს. ისინი ხომ იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ რასაც თავად წარმოთქვამენ, ტყუილი გამოდის. ლიტურგიის ბოლოს ხომ ხმამაღლა ამბობენ ასამაღლებელს და ყველა მართალს ამ სიტყვებით მოუწოდებენ: „შიშითა ღმრთისაითა და სარწმუნოებით მოვედით". ე.ი. მიეახლეთ საიდუმლოს და ეზიარეთო, შემდეგ კი თვითონვე უარყოფენ თავიანთ სიტყვებს და განდევნიან მიახლოებულთ. მე არ ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს ამ უწესობას.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წმ. მაკარი ნოტარასი
"ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოთა უწყვეტი ზიარების შესახებ"
Xareba.net - ის რედაქცია