მოდერნიზმზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავერკვეთ, რა იწვევეს მისდამი კეთილგანწყობას, რითი ხიბლავს ის ადამიანს.
საქმე ისაა, რომ მოდერნისტული ღვთისმეტყველება დიდად აფასებს ნებისმიერი ადამიანის რელიგიურ აღმსარებლობას. მსგავსი გულწრფელობა და ერთგვარი პირდაპირობა გარკვეულწილად გასაგებს ხდის ზოგადეკლესიური ან ნეოფიტი ინტელიგენციის მოდერნიზმით დაინტერესებას. ობიექტურად რომ შეფასდეს და გამოიცადოს მოდერნისტების გულწრფელობა, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას: რატომ უწოდებენ ქრისტიანობას იმას, რაც ქრისტიანობასთან არაფერ კავშირშია?
მოდერნისტები თავს ქრისტიანებად, მართლმადიდებლებად მიიჩნევენ. ამით ცდილობენ ისინი აიცილონ ბრალდება და სამართლიანი მხილება ეკლესიის მხრიდან. ისინი ცბიერულად მალავენ ნამდვილ სახეს და ფარულად ლამობენ თავიანთი ცრუ შეხედულებების დამკვიდრებას. მსგავსი მეთოდი მოდერნიზმის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე გამოიყენებოდა, კერძოდ შიიზმში, სადაც მას "კეტმანი" ეწოდებოდა.
ტერმინი კეტმანი "კეთილსინდისიერი სიცრუის ხელოვნებას" ნიშნავს, ე.ი. ამ მეთოდის თანახმად ადამიანს შეუძლია დამალოს საკუთარი ერეტიკული ან ათეისტური შეხედულება, გარეგნულად კი აღიაროს ორთოდოქსია. ევროპაში ამ ტერმინზე პირველად XIX საუკუნის მორალისტი ა. გობინო ალაპარაკდა, ხოლო XX ს-ში პოლონელმა პოეტმა ჩ. მილოშიმ მას ხორცი შეასხა. ჩ. მილაში ა. გობინოს ციტატებზე დაყრდნობით ამბობდა: "ჭეშმარიტი აღმსარებლობის მფლობელმა საკუთარი თავი, ქონება და ღირსება საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს სიბრმავესა და უგუნურებაში მყოფთა გამო, რომელთა ამგვარი მდგომარეობაც თავად ღმერთმა ინება". ეს ნიშნავს, რომ არ უნდა განაცხადო საკუთარი მსოფლხედვა, თუკი შესაძლებელია. "მაგრამ, - განაგრძობს ა. გობინო, - არის შემთხვევები, როდესაც დუმილი არ არის საკმარისი, როდესაც დუმილი აღიარებას ნიშნავს. ამ დროს არ უნდა ვიყოყმანოთ; არა მარტო საჯაროდ უარვყოთ საკუთარი აღმსარებლობა, არამედ ნებისმიერ ცბიერებასაც არ მოვერიდოთ, ოღონდაც მოტყუვდეს მოწინააღმდეგე, ოღონდაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ; აღიარე ნებისმიერი სარწმუნოება, რომელიც შეიძლება მოპაექრეს მოეწონოს; აღასრულე ნებისმიერი რიტუალი, რომელსაც უაზრობად მიიჩნევ, არ მოერიდო საკუთარი წიგნების ფალსიფიკაციას, გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება მიზნის მისაღწევად. ასე შეიტკბობ უდიდეს სიამოვნებას და შენი დამსახურება იქნება ის, რომ შეინარჩუნე საკუთარი თავიც და მოყვასიც, რომ ურწმუნოებთან ამაზრზენი კონტაქტით საფრთხეში არ ჩააგდე ძვირფასი რწმენა. დაბოლოს: ურწმუნოს მოტყუებითა და თავის სიბრმავეში გამყარებით ის სულიერ სიღატაკესა და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდე, რასაც იმსახურებს".¹
როგორც ჩანს, "საფრთხისაგან" გაქცევის ამ მეთოდს მოხერხებულად მიმართავენ მოდერნისტებიც, როდესაც ზოგადი, ორაზროვანი ტერმინებით საუბრობენ, დუმილს ირჩევენ იქ, სადაც დაუფარავად უნდა აღიარო ჭეშმარიტება, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი პოზიცია მაინც, როდესაც შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, მოხერხებულად გადააქვთ საუბარი სხვა თემაზე და ა.შ.
მოდერნისტები ქრისტიანულ შეხედულებათა გასაქარწყლებლად ზოგადი ფრაზებით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, მადლს ერთდროულად ბუნებრივ და ზებუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ, რისთვისაც მრავლისმეტყველების მეთოდი აქვთ მიმარჯვებული.
კიდევ: მართლმადიდებელი ეკლესიის მყარი, დოგმატური და კანონიკური სწავლების გაბათილების, გაუბრალოებისა და უარყოფის მიზნით მოდერნისტი ღვთისმეტყველები ოსტატურად იყენებენ სასვენ ნიშნებს, მაგალითად ფრჩხილებს. ამ მეთოდს მიმართავენ "იმქვეყნიურ ცხოვრებაზე", "ბოლო ჟამზე", "საშინელ სამსჯავროზე", "სულის უკვდავებაზე" და ა.შ. საუბრისას. ამ შემთხვევაში სასვენი ნიშანი ირონიულ ელფერს ანიჭებს სიტყვების აზრს. მოდერნისტებსაც ხომ ეს უნდათ: ამ გზით მაინც დააკნინონ მართლმადიდებლური სწავლება.
ცნობილი გამოთქმაა, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო. მიდერნისტები თავიანთ წიგნებში ფეხმოუცვლელად ემყარებიან ამ მეთოდს და ათასგვარი ცრუბრალდებებით თავს ესხმიან ეკლესიას. მათი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია ძველი, დრომოჭმული ხედვების ტყვეობაში იმყოფება, თანამედროვე სამყაროსაგან იზოლირებულია; მან უნდა გაათანამედროვოს თავისი სწავლება, დაადგეს დასავლურ გზას, ქრისტიანობაში ხომ პოლიტიკა და იმპერატორები განაგებდნენ სარწმუნოებრივ საკითხებს და მისთ.
ისმის კითხვა: რისთვის სჭირდებათ მოდერნისტებს გამუდმებული "ბრალდება"? რატომ უჩიჩინებენ მართლმადიდებელ მკითხველს, რომ ის ჩამორჩენილი და უპერსპექტივოა? ეს საკითხი საფუძვლიანადაა გასაანალიზებელი. ჩვენი მხრივ შევნიშნავთ: ამ მეთოდების მეშვეობით მოდერნისტები თავიანთ მკითხველსა თუ მსმენელს მუდამ თავდაცვის მდგომარეობაში ამყოფებენ. ფრაზების ოსტატური თამაში - მსმენელს თუ მკითხველს აეჭვებს და აფიქრებინებს, რომ შეიძლება ეს სიყალბე იყოს. მოდერნისტი თავის თავზე რომ იღებს უფლებას დასვას შეკითხვები და ინიციატივას - გამოთქვას ბრალდებები, ეს მკითხველსა თუ მსმენელს ფსიქოლოგიურად აიძულებს დაინახოს მასში უფლებამოსილი, ქარიზმატული ფიგურა, ვინც კარგად იცის, როგორ გამოასწოროს ეკლესიაში არსებული პრობლემები. ამ დროს კარგად მუშაობს დასავლური განათლების, რეკლამირება ან ორატორული ნიჭის წარმოჩენა და მისთ.
მსგავსი წნეხის შედეგად მკითხველი თავს გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობს. ის იძულებულია ამ ერთი შეხედვით ჩაკეტილი წრიდან კვლავ თვითმარქვია "ავტორიტეტს", იდეოლოგებს მიმართოს. მოდერნისტებსაც ეს უნდა. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ასეთი "ავტორიტეტები" გაჩნდნენ საზოგადოებაში, რათა ნელ-ნელა მოიცვან მათ თანამედროვე ქრისტიანების საინფორმაციო ველი და ახალ "ღვთისმეტყველებაზე", ახალი ტიპის "ქრისტიანები" აღზარდონ. განსაკუთრებულ როლს ამ სიტუაციაში ასრულებს წინააღმდეგობრივი სწავლების დანახვა მართლმადიდებლობაში - თითქოს მამებისეულ სწავლებაში არ არსებობდეს ერთიანი სარწმუნოებრივი ხედვა. თითქოს ერთი წმინდა მამის სწავლება ეწინააღმდეგება მეორის ხედვას. ზოგჯერ პირდაპირ ერესის ქადაგებას აბრალებენ წმინდანს. ეს მკითხველს გაურკვევლობაში აგდებს, დეზორენტირებულს ხდის.
დეზორენტაციას ემსახურება კიდევ ერთი მეთოდი: მოდერნისტები ეკლესიის ადრეულ, დევნის ეპოქაზე საუბრობენ, როცა სრულად ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული იყო დოგმატები. ამით სურთ მკითხველს დაანახონ, რომ თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება, ვიდრე ძველ ეკლესიაში, რომ დღეს აქ არავითარი დოგმები და კანონები არ არის. ამავე დროს, ისინი მიგვითითებენ არარსებულ ავტორიტეტსა და ვითარებაზე, რომ მკითხველს ამ არასასიამოვნო სიტუაციიდან ილუზიური გამოსავალი შესთავაზონ. ეს გახლავთ ერთგვარი "სვეტური" მისტიციზმი, (ამის შესახებ გვექნება საუბარი), რომელიც ახასიათებს აბსოლუტურად ყველა მოდერნისტს და აუცილებელი იდეოლოგიური იარაღია მიზნის მისაღწევად და მკითხველის საცდუნებლად.
არსებობს ზომბირების ასეთი მეთოდი - "KUBARK"-ი ეწოდება. სასურველი შედეგის მისაღებად "კუბარკის" მიხედვით, არა მარტო უნდა განაშორო ადამიანი ჩვეულ სინამდვილეს არამედ, უცნაური, ფანტასტიკური სამყაროთი მიზანმიმართულად და ტოტალურად უნდა შეცვალო რეალური სამყარო. ამ მეთოდის ფარგლებში ხდება დროით მანიპულირება.
კერძოდ: იმისათვის, ადამიანმა (პატიმარმა) დროის შეგრძნება რომ დაკარგოს, სპობენ ზღვარს ღამესა და დღეს შორის, საკვებს უდროო დროს აძლევენ, ვახშამს საუზმის შემდეგ 10 წუთში; საათი წინ ან უკან გადაჰყავთ და ა.შ.
მსგავსი მეთოდი გამოიყენება მოდერნისტების ღვთისმეტყველებაში. ეს განსაკუთრებით ეხება ესქატოლოგიურ სწავლებასა და ზოგადად დროის მისტიკას.
თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოდერნიზმი არის ურწმუნოება, საღვთისმეტყველო ტერმინებით გაფორმებული. ცხადია, ვგულისხმობთ, რომ მოდერნიზმი არა ღვთაებრივი, არამედ ადამიანური სწავლებაა, იდეოლოგიაა, მხოლოდ ამქვეყნიური მეთოდიკისა და შემეცნების ნაყოფი. მხოლოდ ადამიანური ყოფიერების თვითშემეცნების სწავლებად გვევლინება.
ამ მსოფლმხედველობის თანახმად ადამიანს უჭირს ჭეშმარიტი ორიენტირების პოვნა. ის მიწყივ სიკეთისა და ბოროტების, ჭეშმარიტებისა და სიცრუის განურჩევლობაშია.
ადამიანს ჭეშმარიტი ორიენტირი რომ ჰქონდეს, საჭიროა ხსოვნა ღმერთისა, ხსოვნა იმისა, რომ ადამიანი მუდამ ღმერთის თვალსაწიერშია, რომ ის ქმნილებაა ღვთისა.
რა ემართება ადამიანს, რომელიც კარგავს ამ განცდას? ის თავს აღმერთებს.
¹ციტ. Антимодернизм. ру. Р. Вершило. Мировозрение Протоиерея А. Шмемана. 2015.
Антимодернизм. ру. Р. Вершило.
Мировозрение Протоиерея. А. Шмемана. 2015.
Xareba.net - ის რედაქცია