წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია. მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ.
III საუკუნეში ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი. იგი ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი იყო და მათ დასაშინებლად ქალაქის ქუჩებში წამების ამაზრზენი იარაღების გამოფენა ბრძანა. მიუხედავად ამისა, ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენის მოსურნე მრავალი ქრისტიანი ნებით ბარდებოდა ჯალათებს.
ამ დროს ემესაში ცხოვრობდა მღვდელმონაზონი ონოფრე, რომელიც გლახაკის ძონძებით ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა. როცა ქალისგან მოწყალებას იღებდა, ონოფრემ იგრძნო, რომ იგი დამწუხრებული იყო და სევდის მიზეზი ჰკითხა. ლევკიპიასაც არ დაუმალავს თავისი უბედურება. ბერმა ანუგეშა უშვილო დედაკაცი, მოუთხრო ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და დაარწმუნა ის ქრისტეს ყოვლისშემძლეობასა და გულმოწყალებაში. ლევკიპია იმედით აღივსო, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ღვთისმოსავ ქალს ძილში ეუწყა, რომ შობდა ძეს, რომელიც მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი შეიქნებოდა. თავდაპირველად ლევკიპია მეუღლეს არ უცხადებდა თავის სიხარულს, მაგრამ როცა ყრმა იშვა, გაუმხილა საიდუმლო და ნათლობაზეც დაიყოლია.
ახალშობილს გალაქტიონი დაარქვეს. მშობლებმა იგი ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს. წმიდანს ბრწყინვალე საეროკარიერის გაკეთება შეეძლო, მაგრამ იგი უბიწო ცხოვრებას - განმარტოებასა და ლოცვას ესწრაფოდა.
როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა - მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო. გალაქტიონმა, რომელიც ხშირად დადიოდა თავის საცოლესთან, თანდათან ისიც მოაქცია ქრისტიანობაზე და ფარულად მონათლა. ეპისტიმიასთან ერთად ნათელიღო მისმა ერთ-ერთმა მონამ - ევტოლმიუსმაც. ახალმოქცეულებმა გალაქტიონის მიბაძვით გადაწყვიტეს, მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდნენ. მათ დატოვეს ქალაქი და მიაშურეს პუბლიონის მთას, სადაც ფარულად არსებობდა ორი - მამათა და დედათა მონასტერი. ორივე სავანის მკვიდრნი ასაკოვანნი და უძლურნი იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი აუცილებელი ფიზიკური სამუშაოს შესრულება ახალმა მოწესეებმა იტვირთეს. ისინი რამდენიმე წელს მოსაგრეობდნენ შრომით, მარხვითა და ლოცვით. ერთხელ ეპისტიმიამ ძილში იხილა ჩვენება, თითქოს ის და გალაქტიონი საკვირველ სასახლეში იდგნენ ბრწყინვალე მეუფის წინაშე, რომელმაც მათ ოქროს გვირგვინები გამოუწოდა. ეს ნეტართა მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარი განცხადება იყო.
წარმართებმა შეიტყვეს მონასტრების შესახებ და მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა არ ისურვა გაქცეულიყო და, სენაკში დარჩენილი, წმიდა წერილს კითხულობდა. როცა ეპისტიმიამ იხილა, რომ მეომრებს ნეტარი შებოჭილი მიჰყავდათ, მხურვალედ ევედრა იღუმენიას, ისიც გაეშვა - სურდა, რომ თავის დაწინდულთან და მოძღვართან ერთად წამებულიყო ქრისტესთვის. წინამძღვარმაც, ცრემლმორეულმა, აკურთხა იგი მოწამეობრივ ღვაწლზე.
წმიდა გალაქტიონმა და ეპისტიმიამ ლოცვა-ვედრებითა და ქრისტეს დიდებით დაითმინეს უმძიმესი სატანჯველები. ბოლოს უღმერთოებმა ისინი ცოცხლად გაატყავეს და ისე ამოხადეს სული.
ევტოლმიუსმა - ეპისტიმიას ყოფილმა მონამ, მისმა ქრისტესმიერმა ძმამ და თანამოსაგრემ, ფარულად მიაბარა მიწას წმიდა მარტვილთა ცხედრები. თავისი თანამედროვეებისა და შემდგომი თაობების დასამოძღვრად მანვე აღწერა უფლის რჩეულთა ცხოვრება და წამება.
„წმიდანთა ცხოვრება"
Xareba.net - ის რედაქცია