თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის ასე დაყენება (რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ იცოდნენ მართლმადიდებლობის შესახებ და მისთ.) უგულებელყოფს სამყაროში ღვთის არსებობას. უკეთეს შემთხვევაში, ამგვარად მოფიქრალთათვის ღმერთი ჩნდება სიკვდილის შემდეგ, საიქიოში, ხოლო აქ, დედამიწაზე, თვითნებურად ვცხოვრობთ; რაც მთავარია, თურმე სწორედ ჩვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული არამართლმადიდებლურ სამყაროში მყოფი ადამიანი მართლმადიდებლობას მიიღებს თუ არა; თითქოს მისიონერების ბილეთის აღებაზე ან სხვა გარეგნულ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, გაჩნდება იქ მართლმადიდებელი ეკლესია თუ არა. ასეთი ლოგიკის თანახმად, ყოველივეს განაპირობებს ჩვენი (ქრისტიანების) მოღვაწეობა. თუ ჩვენ წავიზარმაცეთ ან მოვისუსტეთ და ვერ მივიტანეთ იმ ადამიანამდე ან ქვეყანამდე ღვთის სიტყვა, ღმერთი უძლურია დაეხმაროს ადამიანს ჭეშმარიტების მიღებაში. ასეთთა გადარჩენის ერთადერთი საშუალება სიკვდილის შემდეგღა ჩნდება.
მაგრამ ასეთ შეხედულებას საერთო არა აქვს რა მართლმადიდებლობასთან, ღვთის ყოვლის შემძლე ბუნებასთან. ღმერთი არა თუ ადამიანზე, არამედ ფრინველებსა და ყვავილებზეც სრული ღვთაებრივი სიყვარულით ზრუნავს. ლუკა მახარებელი სახარებაში გვაუწყებს:
„განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ არცა მკიან... და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა... განიცადენით შროშანნი ვითარ-იგი აღორძინდის... ხოლო გეტყვით თქუენ, რამეთუ: არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა თვისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი" (ლუკ. 12. 24-27).
ჩვენ ვუწყით, რომ ღმერთს ყოველი ადამიანის ცხონება სურს. პავლე მოციქული ბრძანებს: „რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებისა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ" (1 ტიმ. 2.4). ღმერთს ყოველივე ძალუძს (შექმნ. 17.1), ის ყოვლისმცოდნეა, მისთვის განცხადებულია ყოველივე, რაც ადამიანის გონებასა და გულში ხდება. ამიტომაც წმიდა წერილი ღმერთს „გულთამხილველს" უწოდებს (საქმე 1.24).
რადგან ღმერთი ასეთი თვისებებისაა, შედეგად შეუძლებელია მან თავისად ვერ იგულოს, ვერ მიიღოს ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი, გინდ უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდეს იგი. ამიტომ მსგავსი მსჯელობა, რომ მავანმა და მავანმა არ იცოდა მართლმადიდებლობის შესახებ, რომ ღმერთმა მას არ მისცა ჭეშმარიტების შეცნობის საშუალება, მკრეხელობად ჟღერს.
ერთადერთი მართებული ხედვა ამ შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მკრეხელურ შეფასებას გახლავთ შემდეგი:
ღმერთმა უწყის მათ შესახებ, ღმერთს შეუძლია და სურს მათი ჭეშმარიტებაზე მოქცევა, მაგრამ იმ ერში (ადამიანში) ისტორიის კონკრეტულ დროს არ აღმოჩნდა ჭეშმარიტების მაძიებელი (ადამიანი). მოციქულის თქმით: „არავინ არს გულისხმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა" (რომ. 3.11).
საქმე მოციქულთაში ეს გარემოება მკაფიოდაა წარმოჩენილი. „და მოვლეს ფრიგიაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყვად სიტყვასა მის ასიას შინა, მორავიდეს იგინი მისუნდ, უზმნობდეს წარსვლაი ბეთანიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან" (საქმე 16.6-7).
როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? როგორც ხედავთ, თავად ღმერთი არ უშვებს მოციქულებს ამ ქალაქებში საქადაგებლად. ნუთუ ღმერთს არ სურდა ასიისა და ბეთანიის ქალაქების მკვიდრთა ცხონება? ნუ იყოფინ! რა თქმა უნდა, სურდა. მაგრამ გულთამხილველმა წინასწარ უწყოდა, რომ იმ დროისთვის არცერთი იქაურთაგანი არ ეძებდა ჭეშმარიტებას და... შესაბამისად ვერც მიიღებდა მოციქულთა ქადაგებას. სასჯელი იმ ცოდვილებისა, რომლებმაც მოისმინეს და არ მიიღეს ღვთის სიტყვა, უფრო მძიმე ხდება. ამდენად, ნაკლები ცოდნის მქონეს, ნაკლებად მოეკითხება, მაგრამ უთუოდ მოეკითხება.
ამ შემთხვევაში, ადამიანთა უცოდინარ (ჭეშმარიტების) მდგომარეობაში დატოვება ღვთის კაცთმოყვარების ნიშანია. მოციქულის თქმით: „მონამან, რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად, ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისა, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისაგნ, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას" (ლუკ. 12.47).
ამრიგად, ღმერთი მათზეც ზრუნავს, რომლებმაც ინებეს სიბნელეში ყოფნა.
„ეძიებდით და იპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ" - ამბობს სახარება (მათ. 7.7). ადამიანი სრულიად უკაცრიელ ადგილზეც რომ ცხოვრობდეს, ღმერთი მას შეუქმნის იმგვარ ვითარებას, რომ იმ ადამიანმა მიიღოს მართლმადიდებლობა.
გადავიდეთ მაგალითებზე.
სახარება გვაუწყებს ითიოპელი ევნუქის შესახებ, რომლის ჭეშმარიტებაზე მოქცევის, მონათვლის საშუალება საგანგებოდ მოაწყო ღმერთმა. საჭირო იყო, რომ ეს ადამიანი ჩასულიყო იუდეაში, მოესმინა ქადაგება ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, შეესწავლა ებრაული, რათა წაეკითხა ესაიას წინასწარმეტყველება. და ბოლოს, ევნუქი უნდა შეხვედროდა ფილიპე მოციქულს, რომელმაც აუწყა მას ქრისტეს შესახებ და კიდეც მოინათლა.
წარმართებისადმი ღვთის მზრუნველობას ვხედავთ ამ სახარებისეული ეპიზოდიდან - მონათვლისა და ეკლესიის წევრად ყოფნის შესაძლებლობა რომ მისცემოდა, ასეთი გზით გამოატარა ღმერთმა.
გავიხსენოთ აბოს ჭეშმარიტების მაძიებელი სული. იგი ნერსე ერისთავის ქადაგებით მოექცა ჭეშმარიტებაზე და თვისტომებშიც მამაცურად იქადაგა ჭეშმარიტება, რისთვისაც მოწამეობრივად აღესრულა.
გავიხსენოთ ევსტათი მცხეთელი, რაჟდენ პირველმოწამე და მრავალნი სხვანი.
სხვა ქვეყნების მაგალითიც მოვიყვანოთ.
XII საუკუნეში ვინმე გერმანელ კათოლიკს მიეცა საშუალება გაცნობოდა მართლმადიდებლობას, ის მოექცა ჭეშმარიტებაზე და გახდა წმ. პროკოფი უსტიუჟელი. იყო ვინმე ბულგარელი მუსლიმი, რომელიც მოქცევის შემდეგ გახდა წმ. აბრაამი ბულგარელი.
ეკლესიის მთელი ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით. ასევე ხდება დღესაც დავით მეფსალმუნის სიტყვისამებრ: „არ დაუტევებ მაძიებელთა შენთა უფალო" (ფს. 9.11).
თუ ჩვენ კარგად ჩავწვდებით ღვთის განგებას, დავინახავთ: ისე კი არ ხდება, რომ ჩვენ სადღაც მივდივართ, ვქადაგებთ და ამის შედეგად იქ ჩნდება ეკლესია, არა. თავდაპირველად გულთამხილველი ღმერთი ჭვრეტს ამა თუ იმ ხალხში ისეთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ ჭეშმარიტება. ამის შემდეგ ღმერთი მოაწყობს ისე, რომ ან მისიონერი მივიდეს მათთან, ან ეს ადამიანი აღმოჩნდეს მართლმადიდებლურ გარემოში.
ჭეშმარიტების შემეცნებისთვის საჭიროა მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილი. ნუ იტყვის ნურავინ, რომ მის უღმერთობას გამართლება ექნება, მით უფრო დღეს, როცა ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მართლმადიდებლობას. ვერავინ გაიმართლებს თავს უცოდინარობით, ვინაიდან ღვთის შეცნობა არა გარეგნულ ფაქტორებზე, არამედ შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ვიცნობ ერთ სომეხ მართლმადიდებელ მღვდელმსახურს, რომელიც ადრე მონოფიზიტი სასულიერო პირი იყო. მან წმიდა წერილისა და დოგმატური სწავლების გულისხმიერი განხილვით დაასკვნა, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა.
საქმე ისაა, რომ ადამიანმა ამქვეყნად უნდა გადაწყვიტოს, ქრისტესთან სურს ყოფნა თუ არა. ყოველი ადამიანი, სურს მას ეს თუ არა, აფიქსირებს თავის პოზიციას. იგი იქნება ან ქრისტესმოყვარე, ან ქრისტეს მოწინააღმდეგე. მესამე გზა არ არსებობს.
ასე რომ, ჭეშმარიტებას ვერ პოულობს ის, ვინც არ ეძებს მას. მაგრამ ამ სურვილის არქონით ის არასახარბიელო არჩევანს აკეთებს.
ნეტარი ავგუსტინე ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს: „რაც შეეხება იმ პერიოდს და იმ მიდამოს, სადაც სახარება არ იყო ნაქადაგები, გეტყვით: მაცხოვარმა წინასწარ უწყოდა, რომ იქაური ადამიანები იქნებოდნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ მრავალნი, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი მკვდრების აღდგინების მიუხედავად".1
უფალს ყოველი ადამიანის ცხონება სურს, მაგრამ მთავარი პირობა ღვთისმოყვარება და ჭეშმარიტებისაკენ ლტოლვა გახლავთ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „ღმრთისმოყვარეთა ყოველი განემარჯვების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან. რამეთუ რომელნი-იგი წინასწარ იცნა, წინასწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა" (რომ. 8. 28-29).
ერეტიკული სწავლების თანახმად, ღმერთი წინასწარ განსაზღვრავს ადამიანთა ქცევას, ასევე მათ არჩევანსა და ხვედრს. ხოლო მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ღმერთი წინასწარ არ განსაზღვრავს არავის თავისუფალ ნებას, არც მის საქმეებს, არც მის საიქიო ხვედრს, მაგრამ ვით გულთამხილველმა, უწყის, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს ესა თუ ის ადამიანი თავის გულსა და გონებაში. ამიტომ ჭეშმარიტების მაძიებელს უფალი ისეთ ხელსაყრელ ვითარებას უქმნის, რომ მან ხორცი შეასხას თავის არჩევანს.
ყოველივე ზემოთქმულს შესაძლოა მოჰყვეს ასეთი მსჯელობა: მართლმადიდებლები უმცირესობაში არიან მსოფლიოში; თუ ცხონების საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, გამოდის, ძალიან მცირედნი ცხონდებიან, უმრავლესობა კი წარწყმდება?! ამ ფაქტს ვერაფრით იწყნარებენ ლიბერალურ-მოდერნისტულ-ჰუმანისტურად განწყობილი ადამიანები. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს აზრი, ის მთლიანად სახარებაზეა დაფუძნებული. როდესაც მაცხოვარს ჰკითხეს: „უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: იღუაწეთ შესვლად იწროისა მისგან კარისა. ხოლო გეტყვი თქუენ: მრავალნი ეძიებდეს შესვლად და ვერ უძლონ" (ლუკ. 13.23-24).
მაცხოვარმა თავიდანვე გვაუწყა იმ სამწუხარო რეალობის შესახებ, რომ წარწყმედილთა რიცხვი უფრო დიდია. ამიტომაც ბრძანა: „შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან რომელნი ჰპოებენ მას" (მათ. 7. 13-14).
ლიბერალთა ხედვა მართალი რომ ყოფილიყო, მაცხოვარი არ იტყოდა: „მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ" (ლუკ. 14.24). და არ უწოდებდა ეკლესიას „მცირე სამწყსოს" (ლუკ. 12.32).
რატომ გახდა ეს აზრი ძნელად მისაწვდომი თანამედროვე ადამიანისათვის? იმიტომ რომ, ადამიანთა უმრავლესობისათვის უმთავრესი ფასეულობა ამქვეყნიური სიამტკბილობა და მიწიერზე ზრუნვაა. მარადიულ ცხოვრებაზე მცირედნი თუ ფიქრობენ. ის სულიერი განწყობა, რომელსაც უფალი ჩვენგან ითხოვს თავის მცნებებში, არათუ უცხოა უმრავლესობისათვის, არამედ ხელშემშლელიც კი გახლავთ მათ ცხოვრებაში.
წმ. ლუკა (ვოინო-იასენეცკი) მოგვითხრობს საინტერესო ამბავს. მას ერთხელ ინდოეთში მოუხდა ჩასვლა. იქ ერთმა მართლმადიდებელმა ქალმა საუბარში აღიარა, რომ ვერა და ვერ მიმხვრადა, თუ როგორ დარჩა მთელი ინდოეთი გულგრილი მოციქულის მიერ სახარების ქადაგების შემდეგ. მეორე დღეს წმ. ლუკა ესაუბრა იმ ქალბატონის ინდუს მეუღლეს. საუბარში აღინიშნა, რომ ჭეშმარიტება არის ყველაზე მთავარი ცხონებისათვის. შემდეგ იმ ადამიანმა აღიარა, რომ მისთვის დედა ღმერთივითაა და თუ ჰკითხავთ ნებისმიერ ინდუსს, რა არის მთავარი ცხოვრებაშიო, ის გიპასუხებს: მშობელი და რწმენა. მაგრამ თუ მას არჩევანის წინაშე დააყენებთ, მაშინ ასი პროცენტი ინდუსისა აირჩევს მშობელს.
შევადაროთ ეს მსოფლხედვა ქრისტეს სწავლებას, რომელიც ბრძანებს: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს" (მათ. 10.37).2
ამრიგად, ცრუა ის თეზა, რომ თითქოს ჩვენს ირგვლივ მრავალი კეთილი და ღვთივსათნო ადამიანია, რომლებიც „ობიექტური მიზეზების" გამო ვერ გახდნენ ქრისტიანები. ეს უნიადაგო ფანტაზია სრულიადაც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. (გაგრძელება...)
1Блаис. Августин. О даре пребывания. М 2008. გვ. 400.
2Св.Лука Воино-Ясенсин. Житие, Проповеди. М. 2001.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია