... შეგროვილი ღრუბელი ჭექა- ქუხილს მოასწავებდა. იოანემ განჭვრიტა ეს, მაგრამ სრულიად მიენდო ღმერთს, ერთადერთს, ვისი შიშიც ჰქონდა.
მტრებს შორის, რომლებიც თავიანთ მზაკვრობას აგრძელებდნენ, ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილეც ერია. მას თვითონ სურდა კონსტანტინეპოლის პატრიარქობა. ან ყოველ შემთხვევაში ამ კათედრაზე თავისი კაცის აყვანა ეწადა. როცა ეს ვერ მოახერხა, იოანეს მოეკიდა მტრად.
ოქროპირის, როგორც მქადაგებლისა და ეკლესიათა აღმშენებლის წარმატებები თეოფილეს არ სიამოვნებდა. სამაგიეროდ, გაიხარა, როცა გაიგო, რომ დედაქალაქის უმაღლეს სფეროებში იოანეს წინააღმდეგ უკმაყოფილება მწიფდებოდა. თეოფილეც, თავის მხრივ საიდუმლოდ ცდილობდა ევნო მისთვის. მან მოახერხა ცილისწამება და ოქროპირს მწვალებლობაში დასდო ბრალი. ეს ძნელი არ იყო, რადგან იოანეთი უკმაყოფილო იმპერატრიცა ევდოქსიას მისი განდევნა სურდა და აი პატრიარქმა თეოფილემ კრება მოიწვია. 23 ეპისკოპოსი ქალკედონის ახლოს, დუბში შეიკრიბა. მათ უმრავლესობას სწორედ ისინი შეადგენდნენ, რომელთაც თავის დროზე იოანემ ეპისკოპოსობა ჩამოართვა და ისინიც, ცხადია მტრობდნენ მას. ამ უკანონო კრებამ იოანეს გადაყენების განაჩენი გამოიტანა, რომელიც დასამტკიცებლად იმპერატორ არკადიოსს წარუდგინეს. იმპერატორმა ხელი მოაწერა, მაგრამ პატრიარქზე ძალადობის ნება არ დართო.
ხალხმა შეიტყო ეს და მისი უზარმაზარი რაოდენობა ტაძრისა და პატრიარქის სახლის ირგვლივ შეგროვდა თავისი მწყემსის დასაცავად. გაისმოდა ხმები: "მოვითხოვთ მსოფლიო კრებას”.
ტყვესავით გამომწყვდეული ცოცხალ კედლებში, რომელიც მის ირგვლივ იმ ხალხის ერთგულებამ აღმართა, რომელთა თვალწინ სახიფათო იყო ძალის გამოყენება, იოანე დაუღალავად მიმოდიოდა ეკლესიასა და სახლს შორის, სადაც მას თავისი მსახურები და რამდენიმე ერთგული მღვდელმსახური უნდა დაემშვიდებინა, აქეთ - დაბნეული ხალხი, რომელთაც მისი გამოჩენა და სიტყვა ერთდროულად მწუხარებითა და სიხარულით ავსებდა.
ცნობები უფრო და უფრო ავბედითი ხდებოდა. ყვებოდნენ ეპისკოპოსთა დეპუტაციების შესახებ, რომლებიც ერთიმეორის მოყოლებით მიემგზავრებოდნენ იმპერატორთან ვედრებით, რათა მას განაჩენი და კრების მნიშვნელობა ძალით გაემყარებინა. მათ შეუერთდა იმპერატრიცა, რომელიც თავის სუსტ ქმარზე მთელ თავის გავლენას იყენებდა. ამბობდნენ, რომ უკვე საუბარია არა გადასახლებაზე, არამედ სიკვდილის განაჩენზე მერყეობდნენ მხოლოდ ნაჯახისა და ხმალს შორის. თვითონ არქიეპისკოპოსიც სიკვდილზე ფიქრობდა და ხალხს განგების მორჩილებას უქადაგებდა.
"რისა მეშინოდეს? გეკითხებით სიკვდილის? მაგრამ მე მოციქულისამებრ გეტყვით: "ჩემდა ცხოვრება ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელ” განდევნის? მაგრამ ღვთისაა მიწაც და ყველაფერი, რასაც იგი შეიცავს. ქონების ჩამორთმევის? არაფერი მომიტანია ამა სოფელში და არაფერს წავიღებ თან. მძულს ყველაფერი, რასაც შეუძლია შიშით აათრთოლოს კაცი, დავცინი სიმდიდრეს, დავცინი პატივს, რომელიც მავანთ ასე სწყურიათ. ჩემთვის სიმდიდრე სიღატაკეს არ აღემატება და თუ მე მსურს ვიცოცხლო, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიზრუნო თქვენივე სულიერი სრულყოფისათვის. იცით კი, საყვარელნო ძმანო, რატომ სურთ ჩემი დაღუპვა? იმიტომ, რომ ჩემს წინაშე ძვირფასი ხალიჩების დაფენა არ მიბრძანებია, არასოდეს მსურდა სამოსად ოქროქსოვილი და აბრეშუმი, არასოდეს დავცემულვარ ისე, ამ ხალხის სიხარბე რომ დამეკმაყოფილებინა და არასოდეს მქონია მათთვის სუფრა გაშლილი.
იქედნეთა მოდგმა ყოველ ჟამს ბატონობს. იზებელს დარჩა შთამომავალი, მაგრამ ღვთის მადლიც იღწვის ელიასთან ერთად. ჰეროდიადაც აქ არის, ჰეროდიადა კვლავაც როკავს, იოანეს თავს ითხოვს და მას მიართმევენ იოანეს თავს, რადგანაც როკავს იგი”. ამ ქადაგების წარმოთქმიდან მეორე დღეს პატრიარქს ომპერატორის ჩინოვნიკი წარუდგა და განუცხადა, რომ ხელისუფლის სახელით ქალაქიდან მის დაუყოვნებელ გასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიპყრობენ და ძალით გაიყვანენ.
"იმპერატორი, - დაასრულა ჩინოვნიკმა, - არც დაუშვებს არავითარ გადავადებას. მზადყოფნაშია ხომალდი, რომელიც გადასახლების ადგილას ჩაგიყვანს.”
მოსალოდნელი შეტაკების შიშით ჯარისკაცებსა და ხალხს შორის, რომელიც პატრიარქის დასაცავად აღდგებოდა, ოქროპირი ჩუმად გამოვიდა სახლიდან და ხელისუფლებას ჩაბარდა. იგი ხომალდში ჩასვეს და პრენეტში წაიყვანეს. ეს ღამით მოხდა. დილით, როცა ქალაქმა შეიტყო, რომ პატრიარქი წაყვანილია, კონსტანტინეპოლში შფოთმა იმატა. ქუჩებში შეტაკებები და ალიაქოთი დაიწყო, ბევრი დასახიჩრდა და დაიღუპა კიდეც, ქალაქს საშინელი უბედურება ემუქრებოდა.
ხალხი აბობოქრებულ ზღვასავით ღელავდა და ყველგან, ეკლესიებში თუ მოედნებზე, მხოლოდ იოანეს მსჯავრის აღმაშფოთებელ უსამართლობაზე საუბრობდნენ. ხალხთა შორის გაისმა ხმები, რომლებიც ამ მოვლენის მთავარი დამნაშავის, თეოფილეს ჩაქოლვას მოითხოვდა და ასეც მოხდებოდა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რომ არ შეეტყო მას და დედაქალაქიდან არ გასულიყო.
მაშინ, როცა შეუძლებელი გახდა თავისი მრისხანება თეოფილეზე გადმოენთხია, ხალხის უზარმაზარი ტალღა სასახლისაკენ დაიძრა და ყვირილითა და გოდებით ითხოვდა წმ. იოანეს დაბრუნებას.
მუქარის ხმების გაგონებამ შეაშინა ევდოქსია, მაგრამ თავისას არ იშლიდა, რადგან იმედოვნებდა, რომ ხალხის გოდება ჩაცხრებოდა და განქარდებოდა. ამის მიუხედავად გული აუკანკალდა და სულის სიღრმეში მომხდარის შენანება დაიწყო.
ვიდრე იგი ეჭვებით იტანჯებოდა, საშინელი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სულ უფრო მატულობდა და ბოლოს სასახლის კედლებიც შეარყია. შეშინებულმა იმპერატრიცამ, რომელსაც მოეჩვენა, რომ მისი განსასვენებლის კედლები სადაცაა ჩამოიქცევა, გადაიცვა და იმპერატორთან გაიქცა ყვირილით:
- ეს ჩვენი ცოდვის გამოა! ო, საჩქაროდ დააბრუნე იოანე!
იმპერატორმა ხალისით შაესრულა ცოლის მოთხოვნა, რადგან სულის სიღრმეში მას იოანესადმი პატივისცემა არ გაქრობია და თუ დათანხმდა მის განდევნას, მხოლოდ ნებისყოფის სისუსტის გამო. იოანეს ჯერ არ უნდოდა თვით ქალაქში დაბრუნება, სურდა, ხელახლა მოეწვიათ ეპისკოპოსთა კრება, რომელიც შეცვლიდა განაჩენს, მაგრამ ხალხს ამ ფორმალობის გაგონებაც არ სურდა და თითქოს ძალით წამოიყვანა იგი. ტაძარში მოსვლისას იოანე ამბიონზე აიყვანეს, მის წინაშე ყველა, როგორც ერთი მუხლებზე დაეშვა და კურთხევა ითხოვა. პატრიარქმა ცრემლიანი თვალებით აკურთხა ხალხი და უფალს სადიდებელი აღუვლინა: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც გამაძევა, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც დამაბრუნა, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც ეს ქარიშხალი მომივლინა! კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც განაოტა იგი!”
”იმ დროისათვის - სამართლიანად შენიშნავს ფარარი - თვით იმპერატორი ძლივს თუ იქნებოდა ისეთი ძლევამისილი თავის დედაქალაქში, როგორიც პატრიარქი იოანე. იგი დაუყონებლივ და ჩვეული სიმკაცრით შეუდგა თავისი სამსახურის მრავალრიცხოვან მოვალეობათა აღსრულებას. უპირველეს აუცილებლობას სასულიერო პირთა სხვადასხვაგვარ მოღალატეთაგან განწმენდა წარმოადგენდა და მან ეს მტკიცე ხელით გააკეთა.
ახალმა კრებამ, რომელიც კონსტანტინეპოლში 60 ეპისკოპოსისაგან შედგა, დუმის კრების გადაწყვეტილება შეცვალა.
მშვიდობა ხანგრძლივი არ გამოდგა: იოანე რწმენისთვის თავგანწირულ მებრძოლად რჩებოდა, მართალს მხოლოდ ღვთისა ეშინოდა. იმპერატრიცაც იმავე ამაყ, აღვირახსნილ ქალად დარჩა, რომელსაც ძალაუფლება და ცხოვრებით ტკბობა ეწადა, ეკლესიის დადგენილებებს კი თავს ვერ ართმევდა.
ცრუმორწმუნეს, მშიშარას, მხოლოდ ნიშნებისა ეშინოდა: გარეგნულად რელიგიური, ღვთისმოსაობის მხოლოდ წესჩვეულებათა აღსრულებით იფარგლებოდა.
იმპერატრიცამ მოისურვა, ქალაქის საუკეთესო მოედანზე მის პატივსაცემად ქანდაკება აღემართათ. პირმოთნე სენატმა მისი ნების აღსრულება დააჩქარა. ქანდაკება ავგუსტუსის მოედანზე, მეფის სასახლესა და წმ. სოფიასტაძარს შორის აღიმართა, ეკლესიასთან მეტად ახლოს.
ძეგლის გახსნა საზეიმო ვითარებაში შედგა. უამრავი ადამიანი შეიკრიბა და ზეიმი სწორედ იმ დროს მიდიოდა, როცა ტაძარში ლიტურგია აღესრულებოდა.
მუსიკა, კომენდატთა შეძახილი, ხალხის გუგუნი, ცეკვა და სიმღერა – ღვთისმსახურებას უშლიდა ხელს, ახშობდა არა მარტო მოძღვრის, არამედ მგალობელთა ხმასაც. იოანემ თავისი უკმაყოფილება პრეფექტს განუცხადა, ევდოქსიას პირმოთნე მსახურმა და სულით წარმართმა პრეფექტმა გულგრილად მოუსმინა არქიეპისკოპოსს.
მეორე დღეს დროსტარება განახლდა და უხამსობამდე მისული შეძახილები კვლავ ხელს უშლიდნენ ღვთიმსახურებას. იოანე მიხვდა, რომ ეს განგებ კეთდებოდა და ხალხს სიტყვით მიმართა. ამბიონის სიმაღლიდან დაიქუხა მათ წინაარმდეგ, ვინც ამ უმსგავსო თამაშებში მონაწილეობდა, მათი მომწყობი პრეფექტის წინააღმდეგ მის წინააღმდეგაც, ვის პატივსაცემასაც ზეიმობდნენ, რომელმაც თავისი სიამაყით წმინდა ადგილის უხამსი შეძახილებით შებღალვა დაუშვა და ამით თითქოს ღმერთზე მაღლა დააყენა თავი. ისტორია მოწმობს, რომ მისი სიტყვა არასოდეს ყოფილა ისეთი მძაფრი, როგორც მაშინ. საღამოსათვის მთელი ქალაქი მღელვარებდა.
შეურაცხოფილმა იმპერატრიცამ შურისძიება გადაწყვიტა. არკადიოსისგან პატრიარქის დაუყოვნებელი განდევნის ნებართვა რომ ვერ მიიღო, თანაქმედებისათვის თავის მომხრეებს მიმართა და ისინიც კრების მოწვევას დათანხმდნენ იოანეს განსასჯელად. მოწვეული ეპისკოპოსები კონსტანტინეპოლისაკენ გამოეშურნენ.
მათ დაჟინებით მოითხოვეს, იმპერატორს საკუთარი ძალაუფლებით განედევნა იოანე, რადგან იგი ნებისმიერ შემთხვევაში განისჯებოდა. არკადიოსმაც ოქროპირს გაუგზავნა ბრძანება - დაუყონებლივ დაეტოვებინა ქალაქი.
"მე არ შემიძლია ამის გაკეთება - მშვიდად განაცხადა იოანემ - ეს ეკლესია თვით ღვთისგან მივიღე, ჩემი მაცხოვრისაგან, რათა კაცთა ცხონებზე მეზრუნა და მე არ დავტოვებ მას”, ხოლო როცა ჩინოვნიკმა დაჟინებით გაუმეორა, დაუმატა: "თუ ეს სურს იმპერატორს, დაე, ძალით მაიძულოს, რადგან ქალაქი მას ეკუთვნის. ძალადობა მე ზეცის წინაშე გამამართლებს. მაგრამ არასოდეს წავალ აქედან ნებაყოფლობით”.
პატრიარქს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ოქროპირი დამორჩილდა. მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. მის ერთგულებსა და მეგობრებს, რომელმაც "იონიტთა” მეტსახელი მიიღეს, დევნიდნენ, პირველივე დასმენით ატუსაღებდნენ, აწამებდნენ და ციხეში სვამდნენ.
"დილეგები - ამბობს პალადიოსი - მაშინ ღვთის ჭეშმარიტ ეკლესიებს წარმოადგენდნენ, ხოლო ეკლესიები უკანონობისა და ღვთისგმობის ადგილებს”. თვით იოანეც არ იყო უსაფრთხოდ თავის სახლში. ერთ დილას ვიღაც კაცი, რომელიც ეშმაკეულად აჩვენებდა თავს, კარში გასხლტომას ლამობდა. როცა შეიპყრეს და გაჩხრიკეს, ხანჯალი უპოვეს. ხალხმა ის პრეფექტს მიჰგვარა, მაგრამ ოქროპირმა შეიტყო და პრეფექთან მისი შეწყალების თხოვნით კაცი გაგზავნა.
რამდენიმე დღის შემდეგ სხვამ სცადა პატრიარქთან შეღწევა. ის უკვე შემოსასვლელის ზღურბლზე იყო, როცა დააკავეს. დანის დარტყმით მან მიწაზე დასცა მსახური. ხმაურზე ხალხი მოცვივდა, დამნაშავე შეიპყრეს და მოსამართლესთან წაიყვანეს. ჩხრეკისას ამ ბოროტ სულს სამი ალესილი დანა აღმოაჩნდა. მან აღიარა ოქროპირის მოკვლის განზრახვა და თქვა, რომ ელპიდიის მღვდლისგან წინასწარ მიიღო 50 ოქრო. დაატუსაღეს, მაგრამ იმავე ღამით უკვალოდ გაქრა. ამასთან მტრები აგრძელებდნენ ზომების მიღებას იონეს ქალაქიდან განსადევნად. მათ საბოლოოდ დაარწმუნეს არკადიოსი და ისიც დათანხმდა არქიეპისკოპოსის გადასახლებას. და აი, ივნისის ერთი დღის განთიადისას, იოანეს იმპერატორის ჩინოვნიკი ეახლა და განუცხადა: "შენი საქმე ღმერთს გადააბარე და დაუყოვნებლიბ წადი აქედან”.
ოქროპირი ტაძრისკენ გაემართა, რათა უკანასკნელად ელოცა მასში. ჯარი შეიკრიბა და წმ. სოფიას ალყა შემოარტყა. ეკლესიის ირგვლივ ასევე შეგროვდა ხალხის უზარმაზარი ტალღა.
იოანემ, სისხლისღვრის შიშით, საიდუმლოდ გადაწყვიტა წასვლა ბრძანა, შეკაზმული და ჩულოგდაფარებული ცხენი მზად ჰყოლოდათ დასავლეთის კართან.
ყველასთან გამოთხოვების შემდგომ მან სწრაფად გაიარა გზა ტაძრისაკენ აღმოსავლეთის კარებისაკენ და ჯარისკაცებს ჩაბარდა. იგი ზღვისკენ წაიყვანეს. იმისათვის, რომ არ ეცნოთ, ოქროპირმა პირისახე ტანსაცმლის ნაკეცებით დაიფარა, მაგრამ გზად იგი მაინც იცნეს. წარ-მოიშვა ხალხის უზარმაზარი ტალღა, რომელსაც პატრიარქის გათავისუფლება ეწადა.
ეკლესიასთან მომლოდინე ხალხიც მიხვდა, რომ პატრიარქი წაიყვანეს. ისინი ჯარისკაცებით დაცულ ტაძარში შეცვივდნენ და კვლავ დაიწყო ბრძოლა, რომელმაც მრავალი იმსხვერპლა. შეტაკება დამთავრებული არ იყო, რომ ქარიშხალი ამოვარდა, საშინელი ჭექა-ქუხილით. ელვა დაეშვა წმ. სოფიას ტაძარზე და აბრიალდა. ალი ქარს მიჰქონდა, ტაძრიდან სენატზე გადავიდა და აბობოქრდა ბევრი შენობა. ძლივს გადაარჩინეს თვით სასახლე. დიდებული ტაძრიდან მხოლოდ სამრეკლო დარჩა, რომელშიც პატრიარქის შესამოსელთა საცავი იყო. ამით ისარგებლეს იოანეს მტრებმა და მისი მეგობრები ხანძრის გაჩაღებაში დაადანაშაულეს. ისევ დაიწყო დევნა, წამება. ოქროპირის ბევრი მეგობარი ტანჯვისას დაიღუპა.
ოქროპირი გულმოკლული იყო, ევდოქსია ზეიმობდა.
დაიწყო მოწამე პატრიარქის ჯვარცმული გზა.
იგი ნიკეაში წაიყვანეს. ევდოქსიამ ჯარისკაცებს "პატიმართან” მეტად უხეში მოქცევა უბრძანა.
თავისთავად, მას მართლაც სასტიკად ექცეოდნენ, მაგრამ გაუხეშებულ ჯარისკაცთა გული იმპერატრიცას გულზე მოწყალე გამოდგა. ოქროპირის ტანჯვას შემყურე ბადრაგმა შეიბრალა იგი და მალე ეს გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა.
მათი სულგრძელობის წყალობით, ტყვეს გზად კეთილგანწყობილ სასულიერო პირთა მონახულება შეეძლო, რომელთაც ახალი ამბები მოჰქონდათ. შეეძლო გაეგზავნა და მიეღო წერილები.
ივლისის ბოლო რიცხვებში ოქროპირი ნიკეაში ჩავიდა, სადაც იქამდე უნდა გაჩერებულიყო ვიდრე გადასახლების ადგილს არ შეატყობინებდნენ. აქ იოანემ დაისვენა და მტანჯველმა ციებ-ცხელებამ გაუარა. იმპერატორის ბრძანებამ არ ალოდინა. გადასახლების ადგილად იოანეს პატარა ქალაქი, კუკუზი დაუწესეს.
ნიკეაში ოქროპირმა მეტად ამაფორიაქებელი ცნობები მიიღო ფინიკიიდან, სადაც იგი ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა.
იქ იგი კვლავ ჩაახშო წარმართობამ, მავანთა უმოქმედობისა და იმ წინააღმდეგობათა წყალობით, რომელიც მაშინვე ექმნებოდა მის საქმეებს მას შემდეგ, რაც სასახლისგან გაირიცხა. ქრისტიანული ტაძრები დაანგრიეს, მონაზონი-მისიონერები განდევნეს. მიღებულმა ცნობებმა ააღელვეს იოანეს გული.
იგი არწმუნებდა მღვდლებს რომლებთანაც საუბარი შეეძლო, წერდა წერილებს, მისიონერული ღვაწლისაკენ მოუწოდებდა მათ.
შუა ივლისში იოანემ ბადრაგის თანხლებით ნიკეა დატოვა და კუკუზში წავიდა. მგზავრობამ ოქროპირზე კვლავ ცუდად იმოქმედა.
საშინელი ხვატი იდგა, მოწამეს უძილობა ტანჯავდა, რაც ისეთი ციებ-ცხელებით დასრულდა, რომ კესარიაში თითქმის ცოცხალ-მკვდარი ჩაიყვანეს, მაგრამ ოლიმპიადას სწერდა:
"ყველა ეს მწუხარება და დევნა, რომელიც სწორედ იმ პირთაგან უნდა დავითმინო, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი, შესაძლებლობას მაძლევს ცოდვათა მოტევება დავიმსახურო, მეტსაც გეტყვი: ეს ჩემი გამარჯვების პალმის რტოებია, ჩემი გვირგვინი, ჩემი სიმდიდრე აურაცხელი, ჩემი საუკუნო განძი”.
ამ დროისათვის გამოუთქმელი ტანჯვით გარდაიცვალა იმპერატრიცა. მის კვალდაკვალ სიკვდილმა განგმირა მისი მრავალი თანამზრახველი, ეპისკოპოსთაგან ერთი, რომელიც კრებაზე განსაკუთრებით ძლიერად ესხმოდა თავს იოანეს, ცხენიდან ჩამოვარდა და დაიღუპა, მეორე ჩირქოვანი წყალმანკით დაავადდა, მესამე ჭიებმა ცოცხლად შეჭამეს, მეოთხე ავთვისებიანი წითელი ქარით დაავადდა და საშინელი ქავილით მოკვდა. ცილისმწამებელთაგან ერთერთს ენის სიმსივნე შეეყარა, ისე, რომ სუნთქვაც არ შეეძლო, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, სადაც თავის დანაშაულს აღიარებდა. თეოფილე ჭკუიდან შეიშალა და დამბლამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ასე აღსრულდა ნათქვამი: "რომელთა სძულთ მართალი - წარწყმდნენ.”
"კუკუზი ისეთი უბადრუკი ქალაქი იყო, რომ სოფელი ეთქმოდა, მაგრამ აქ ოქროპირს თანაგრძნობითა და სიყვარულით შეხვდნენ. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ოქროპირი კუკუზში დასახლდა, იქაურობას მაშინვე მოაწყდნენ მისი თაყვანისმცემლები და მეგობრები, ერისკაცები სასულიერო პირნი.”
დამდგარმა ცივმა ზამთარმა ოქროპირი ოთახში გამოკეტა, სადაც განუწყვეტლივ ენთო ცეცხლი, მაგრამ ამან არ უშველა, იოანე გაცივდა და ავად გახდა. ძლიერი ხველა დაეწყო, რომელსაც თან დაერთო სისხლიანი პირღებინება. მთელი დღეები იწვა, მჭიდროდ შეფუთნული. მადა დაკარგა და ისევ უძილობა აწამებდა.
სნეულების მიუხედავად, იოანე აგრძელებდა საქმიანობას მართლმადიდებლობის გასავრცელებლად. ისევ აგზავნიდა ფულს ფინიკიაში იმ მონაზონ-მისიონერთა დასახმარებლად, რომელთაც უჭირდათ. აგროვებდა ახალ მისიონერებს და ბოლოსდაბოლოს მისმა ძალისხმევამ მიზანს მიაღწია, ქრისტიანობამ აღმასვლა დაიწყო, რამდენიმე ეკლესიაც აშენდა. საქმის დასრულებას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ მისი გავლის შემდგომ მთელი ქვეყანა გაქრისტიანდა. ეს უკვე ოქროპირის შემდგომ მოხდა, მაგრამ ფინიკის ქრისტიანობისაკენ მოქცევა უეჭველად დევნილი პატრიარქის ენერგიულ ძალისხმევას უკავშირდება.
და აი, უბადრუკი კუკუზი სულიერი ცხოვრების ცენტრად გადაიქცა. აქ მოისწრაფვოდა ხალხი ყოველი მხრიდან, აქედან იფრქვეოდა შუქი ნათლისა. განდევნილი პატრიარქი იზოლირებული არ იყო იგი იღწვოდა და მთელი მართმადიდებლური სამყაროს ყურადღებას იპყრობდა. არა მხოლოდ აღმოსავლეთის, არამედ დასავლეთის ეპისკოპოსნი და საუკეთესო პირები ინტერესდებოდნენ ოქროპირით, წერდნენ მას, მკაცრად კიცხავდნენ იოანეს მტერთა ქმედებას. ეს უკანასკვნელნი ამით უფრო გაბოროტდნენ, გაიძახოდნენ; "მთელი ანტიოქია კუკუზში!” ეს მიცვალებული მეტად საშიში ხდება!
გამოსცეს ბრძანება, დაუყოვნებლივ აეყვანათ ოქროპირი და გადასახლების ახალ ადგილას გადაეყვანათ, ამასთან საიდუმლოდ დაუმატეს, გზაში ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე მოქცეოდნენ მას და მოსვენება არ მიეცათ მისთვის.
საგანგებოდ გაგზავნეს ოქროპირისადმი ცუდად განწყობილი ოფიცრები, რომლებსაც ჩინის მომატება აღუთქვეს განკარგულების გულმოდგინე აღსრულებისათვის. თუ კოკისპირულად წვიმდა, ისინი სწორედ ამ დროს არჩევდნენ მგზავრობას და მანამ არ ჩერდებოდნენ, ვიდრე განდევნილის სამოსი მთლიანად არ გაილუმპებოდა და წვიმა ნაკადად არ იდენდა მის მკერდსა და ზურგზე. რომელიმე გადახრუკული დაბლობის გადავლისას, უღრუბლო ცის ქვეშ, ტყვე შუა პაპანაქებაში თავშიშველი მიჰყავდათ. ოქროპირს თმა არ ჰქონდა და ეს წამება მისთვის მომაკვდინებელი იყო. სამი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ტყვე და მისი ბადრაგი ამგვარად გადადიოდნენ მთებზე, ველებზე და კომანს მიაღწიეს. იოანეს სიარული აღარ შეეძლო, მაგრამ ჯარისკაცები უხეშად მიათრევდნენ მას.
მალე წმ. ვასილივსკის ტაძართან მივიდნენ, სადაც ამ წამებულის წმ. ნაწილები ესვენა. აქ მცველებმა ნაწილობრივ შეიბრალეს ოქროპირი და ნება დართეს ღამე მღვდლის სახლში გაეთია.
ძილში ოქროპირს წმ. ვასილისკი გამოეცხადა და უთხრა: "გულს ნუ გაიტეხ, ძმაო იოანე, ხვალ ერთად ვიქნებით”.
დილით ამაოდ ემუდარა პატრიარქი ბადრაგს, შუადღემდე მღვდლის სახლში დაეტოვებინათ ჯარისკაცებმა კვლავ წინ გაიგდეს იგი.
რამდენიმე ვერსის გავლის შემდეგ იოანე სრულიად დაუძლურდა. ციებ-ცხელების სასტიკი შეტევა დაეწყო და ნაბიჯიც ვერ გადადგა. მათ უკან დაბრუნება მოუხდათ. ოქროპირი ხელში აყვანილი მიიყვანეს ტაძართან. აქ მან მღვდელს სუფთა, თეთრი სამოსი სთხოვა, შეიმოსა, მღვდლის ხელით ეზიარა, ილოცა და წარმოთქვა: "დიდება უფალს ყველაფრისთვის” პირჯვარი გამოისახა, ტაძრის ფილაზე დაწვა, მთელი ტანით გაიჭიმა და მიეახლა ღმერთს, რომელსაც ემსახურა, რომლისაც ერთადერთის ეშინოდა და ვისი ეკლესიისთვისაც ეწამა.
ეს მოხდა 407 წლის 14 სექტემბერს. იოანე 60 წლის იყო.
Xareba.net - ის რედაქცია