ხსენებისათვის წმიდისა მამისა ჩვენისა ევსტათი აღმსარებლისა - ბითვინიის ეპისკოპოსისა
ბითვინიის ეპისკოპოსი, ღირსი მამა ევსტათი აღმსარებელი ცხოვრობდა ხატმებრძოლობის პერიოდში, იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ხატზე თაყვანისცემას უარყოფდნენ. ხატებისადმი თაყვა-ნისცემის გამო მას ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფდნენ, საპყრობილეში აგდებდნენ, სცემდნენ რკინის კეტებითა და კომბლებით, საბოლოოდ კი მრავალი ამბოხისა და აჯანყების მხილველი ეპისკოპოსობიდან დააყენეს და განკვეთეს. ასეთ ყოფაში მან მრავალი წელი გაატარა. მამა ევსტათი ბოროტთაგან უამრავ შეურაცხყოფას იტანდა, იყო მწყურვალი, დამაშვრალი, შეუმოსველი და ამგვარ საშინელ ყოფაში გარდაიცვალა. ხატმებრძოლებისაგან ასეთი ტანჯვა - წამება მარტო მას არ გადაუტანია, მსგავსი განსაცდელი უამრავმა მართლმადიდე-ბელმა იგემა.
რას ნიშნავს ეს და რატომ ექცეოდნენ ასე სასტიკად ხატმებრძოლნი წმინდა ხატებს? სამართლიანად ხომ არ უარყოფდნენ? არავითარ შემთხვევაში, ძმანო, და ამას ახლავე დავამტკიცებ.
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ნათქვამია: „საღვთო გარდამოცემით ცნობილია, რომ მახარებელმა ლუკამ, რომელიც ექიმიც იყო და მხატვარიც, შექმნა და დაგვიტოვა ღვთისმშობლის ხატები. თუმცაღა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ხატებზე ყველა არ ლოცულობდა. არსებობს უტყუარი ცნობა, რომ იმდროინ-დელი ეკლესიის ვიწრო გარემოში იესოს ხატს ბევრი ეთაყვანებოდა. მეოთხე საუკუნეში კი ეკლესიამ საზეიმოდ გამოაბრძანა იესო ქრისტესა და წმინდა მოწამეთა ხატები, როგორც ტაძრების მშვენიერი საუნჯე და სათაყვანებელი სიწმინდე. წმინდა ბასილი დიდი წამებულ ვარლაამზე საუბრის დროს ამბობს, რომ სურდა, რომ მოწამე გამოესახათ დაფაზე მაცხოვართან ერთად, რომელიც გვირგვინით მოსავდა ვარლაამს. წმინდა ათანასე ამპარტავნებსა და ბრიყვებს უწოდებდა მათ, ვინც წმინდანთა ხატებს უარყოფდნენ. შემდეგში, იმ უბედურების ჟამს, როდესაც ხატმებრძოლები სასტიკად დევნიდნენ მათ, ვინც ხატებს ეთაყვანებოდა, ეს დოგმატი მრავალი ღვთის-მსახურის წმინდა სისხლით დამოწმდა, ბოლოს კი, მე-7 მსოფლიო კრებამ დაადგინა და დაამტკიცა, რომ ეკლესიისაგან განეკვეთა ყველა მწვალებელი, ვინც ხატს უარყოფდა, ვინც სიწმინდეს შეურაცხმყოფე-ლად უწოდებდა კერპს.
ასე რომ, ხატმებრძოლები გაცლილნი არიან ჭეშმარიტებას, როდესაც წმინდა ხატებს უარყოფენ და მათ კერპებს უწოდებენ. ჩვენ არა ვართ კერპთაყვანისმცემლები, ჩვენ ხატებს ვეთაყვანებით. როდესაც ხატებს შევყურებთ, კი არ ვაღმერთებთ მათ, არამედ პატივს მივაგებთ, გონებით მივეახლებით უფალსა და წმინდანებს. ჩვენ ვეთაყვანებით არა ხეს, საღებავსა ან ნახატს, არამედ წმიდანის სახებას. ჩვენ ვლო-ცულობთ და თაყვანს ვცემთ ხატებს, მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ პატივს მივაგებთ უფალსა და მის წმინდა მოწამეებს, მათ, ვინც ჩვენთვის ლოცულობს უფლის წინაშე. დაე, ხატმებრძოლებმა შეიტყონ ეს ჭეშმარიტება და შეწყვიტონ წმინდა ხატებისა და მისი თაყვანისმცემლების შეურაცხყოფა. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.