ნეტარ მამა დანიელის მონათხრობი ქვისმთლელ ევლოგის შესახებ
საბედნიეროდ, ძმებო, ახლაც არსებობს მრავალი კეთილი სული, რომლებიც თავად ღარიბები არიან და მაინც არ ეშვებიან მოწყალების გაღებას, ღატაკებს უკანასკნელ ლუკმასაც კი უყოფენ. საინტერესოა, დაფიქრებულან თუ არა იმაზე, მდიდრები რომ ყოფილიყვნენ, რას გააკეთებდნენ მაშინ ღარიბებისთვის? უფალს რომ ეწყალობებინა მათთვის ქონება, შეიფარებდნენ თუ არა ბევრ ქვრივ - ობოლს? ხშირად გაიგონებთ ჩვენ შორის - ესა თუ ის კაცი მდიდარი რომ ყოფილიყო, რამდენ კეთილ საქმეს ჩაიდენდა, რამდენს გაამდიდ-რებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვცდებით ამგვარად მსჯელობის დროს.
ერთხელ ერთი ბერი ერთ სოფელში მივიდა თავისი ხელნაკეთობის გასაყიდად. შეხვდა მდაბიოს, რომელიც ღატაკებითა და საპყრებით გარშემორტყმული სამუშაოდან შინ ბრუნდებოდა. ბერიც მათ გაჰყვა და მასთან ერთად შევიდა მის სახლში. მასპინძელმა ყველას ფეხები დაბანა, ყველა დააპურა და მოასვენა. როდესაც ბერმა შეიტყო, რომ ეს ადამიანი ქვისმთლელი იყო და მთელ თავის ჯამაგირს ღატაკებს ახმარდა, გაიფიქრა, რა იქნებოდა ეს კაცი გამდიდრებულიყო, მაშინ ხომ უამრავ სიკეთეს გააკეთებდაო. ბერმა დაიწყო ლოცვა - ვედრება და უფალს გამუდმებით ევლოგის გამდიდრებას სთხოვდა. ღმერთმა ყურად იღო ხუცესის ლოცვა და უთხრა:
- ევლოგისთვის უკეთესია როგორიც არის ისეთი დარჩეს, მაგრამ რახან გინდა, გავამდიდრებ, ოღონდ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღო. ბერმა შეჰღაღადა:
- უფალო ღმერთო, მე მაზღვევინე მის ნაცვლად.
მეორე დღეს ევლოგი, ჩვეულისამებრ, სამუშაოდ წავიდა და დაიწყო კლდეზე უროს ცემა; უცებ გამოჩნდა ხვრელი, საიდანაც ოქროთი სავსე გამოქვაბული გამოჩნდა. იფიქრა ევლოგიმ და გადაწყვიტა: ოქრო შინ ფარულად წაეღო. მან უკვე დაივიწყა ღატაკები და ყოველ ღამე სახლში ოქროს ჩუმად ეზიდებოდა. გამდიდრებული ქვისმთ-ლელი წავიდა ბიზანტიაში, იყიდა სასახლეები და გახდა დიდებული. გავიდა ორი წელი და ერთხელ ბერმა სიზმრად იხილა, რომ ევლოგი ღმერთს განეშორა. შეძრწუნდა ბერი და იქ წავიდა, სადაც ქვისმთლელს პირველად შეხვდა. ბევრი ეძება და ვერ იპოვა. შემდეგ ნახა ერთი მოხუცი და ჰკითხა:
- ამ სოფელში ხომ არ ცხოვრობს ვინმე ღატაკთმოყვარე კაცი?
მოხუცმა უპასუხა:
- ადრე გვყავდა ერთი ქვისმთლელი, მაგრამ ახლა იგი გადიდკაცდა და ჩვენგან წავიდა.
- ეს რა ჩავიდინე, მე ხომ მკვლელი ვარ?
სასწრაფოდ ჩაჯდა ხომალდში და ბიზანტიაში გაემგზავრა. იქ ევლოგის სახლი მოიძია, მის ჭიშკართან ჩამოჯდა და პატრონის გამოსვლას დაელოდა. აი, გამოვიდა ევლოგი, მონებით გარშემო-რტყმული, ამაყი, ქედმაღალი. ხუცესი დაემხო მის წინაშე და შესძახა:
- შემიწყალე, რაღაც მინდა გთხოვო!
მაგრამ ევლოგიმ პასუხის ნაცვლად ბერის გაროზგვა ბრძანა. ხუცესი მეორედ შეხვდა ევლოგის და ამჯერადაც გვემეს, მესამედაც შეურაცხყვეს. სასოწარკვეთილ ბერს უკან დაბრუნება სურდა, მაგრამ ჩაჯდა თუ არა ხომალდში, გონი დაკარგა; ამ დროს იხილა ანგელო-ზებით გარემოცული, განრისხებული უფალი, რომელიც ანგელოზებს ბერის განდევნას უბრძანებდა, რადგან ევლოგის დაღუპვაში ადანაშაულებდა. ამ დროს მობრძანდა დედა ღვთისა და უფალს ბერის შეწყალება სთხოვა. მაშინ უფალმა მიუგო ბერს:
- ამის შემდეგ ნურასოდეს ითხოვ წინასწარ იმას, რისი საჭიროებაც არ არსებობს, მე ევლოგის კვლავ პირვანდელ ყოფაში დავაბრუნებ. გახარებულმა ბერმა გაიღვიძა და უფალსა და დედაღვთისას ცრემლებით გადაუხადა მადლობა. რა მოხდა ამის შემდეგ? სამეფო ქალაქში გარდაიცვალა მეფე იუსტინე, რომელიც ევლოგის წყალობდა. ახალმა ხელმწიფემ კი ბრძანა - წაერთმიათ ევლოგისთვის მამულები, ქონება, თავად ევლოგი კი მოეკლათ. ევლოგი გაიქცა და კლდესთან მივიდა, ჯერ ფიქრობდა, იქნებ ოქრო კიდევ ვიპოვოო, მაგრამ ოქრო ვეღარ ნახა. იგი გონს მოეგო და კვლავ ღატაკთმოყვარე გახდა. როდესაც ბერმა ეს შეიტყო, უფალი ადიდა.
ამრიგად, ძმანო, თავად ხედავთ, ხანდახან რაოდენ მცდარია ჩვენი ვარაუდი, რაოდენ საშიშია ჩვენი დღევანდელი ყოფის შეცვლაზე ოცნება. ეს ოცნება, უპირველეს ყოვლისა, ხელს გვიშლის სიკეთის კეთებაში, განგვარიდებს მადლს და ხელს უშლის ჩვენს ხსნას. უფლისათვის უნდა ვიღვაწოთ არა იქ, სადაც ჩვენ გვსურს, არა სხვა საშუალებების მოპოვების სურვილით, რომელიც არ გაგვაჩნია, არამედ იქ, სადაც უფლის ნებაა და იმ საშუალებით, რაც გვაქვს, ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II.