სიტყვა ლიმონარისა შესახებ მორჩილისა, რომელიც ჭაბუკის გამო უდაბნოში წავიდა
როგორც წმ. მოციქული იაკობი გვასწავლის, დაცემული ადამიანის მოქცევა ცოდვისაგან და მცდარი გზიდან მისი მობრუნება უდიდესი საქმეა. ძმანო, მოგვითხრობს ის, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ (იაკ; 5. 19, 20). ასე გვასწავლის მოციქული, მაგრამ ნეტავ სწორად თუ გვასწავლის?
ვინმე იოანე, უდაბნოს ბერთაგანი, მოგვითხრობს: „იერუსალიმში ერთი ასული ცხოვრობდა, სახელად მასტრიდია. ის ამაღლებულ, უმწიკვლო და წმინდა ცხოვრებას ეწეოდა. ეშმაკმა, რომელმაც ვეღარ დაითმინა მისი ღვთისმოსაობა, ერთ ჭაბუკს მისი ცდუნება ჩააგონა. მასტრიდიამ შეიტყო ამის შესახებ და ჭაბუკისათვის ცოდვის ასარიდებლად და თავის უმანკოების დასაცავად, ამგვარად მოიქცა: კალათა ხორბლით გაავსო და უდაბნოს მიაშურა. ამ საქციელით მან ჭაბუკს ცოდვისკენ მისი მიმდრეკი ავი ზრახვა განაშორა, და მისი გულიც დააშოშმინა. გავიდა მრავალი წელი. ერთხელ, ღვთის განგებულებით, მას იორდანეს უდაბნოში ერთი ღვთისმოშიში ბერი შემოხვდა და ჰკითხა:
- დედაო, რა გინდა ამ უდაბნოში?
მასტრიდიამ, რომელსაც სურდა, რომ ბერისათვის თავისი ცხოვრება დაეფარა, მიუგო:
- დავიბენი, მამაო, და გთხოვ, სწორ გზაზე დამაყენო.
სულიწმინდით აღსავსე ბერმა კი უპასუხა:
- არა, შენ არ დაბნეულხარ და გზასაც არ ეძებ, შენ ეშმაკი დაგიმარცხებია. მითხარ სიმართლე, აქ რისთვის მოსულხარ?
მასტრიდიამ მიუგო:
- მომიტევე, მამაო, ერთ ჭაბუკს ჩემზე ცოდვილი აზრი აღეძრა და, რაკი მისი გადარჩენა მსურდა და მებრალებოდა, უდაბნოს მოვაშურე, რომ მისგან ცოდვილი აზრი საბოლოოდ განმეშორებინა. უფალიც შემეწია ამ საქმეში.
- და რამდენი წელია, რაც აქ ცხოვრობ? - დაინტერესდა ბერი.
- ჩვიდმეტი, - მიუგო მასტრიდიამ.
- მთელი ეს ხანი რითი იკვებებოდი?
- აგერ, ხორბალი მაქვს კალათაში და ჩემთვის საკმარისია. ერთსაც გეტყვი, მამაო: მთელი ჩემი აქ ყოფნის მანძილზე შენს გარდა კაციშვილი არ მინახავს. უფლის მადლი მიფარავდა.
ამის გამგონე ბერმა მადლი შესწირა უფალს იმისათვის, რომ მან ღირსჰყო, თავისი ცხოვრებით აგრერიგად განდიდებული ქალწული ეხილა.
ე. ი. წმ. მოციქული მართალს გვეუბნება, რომ ის, ვინც ცოდვილს მცდარი გზიდან მოაქცევს, სულს სიკვდილისაგან იხსნის და მრავალ ცოდვას გადაფარავს. დიახ, ჭეშმარიტად სამართლიანია, რადგანაც, რა უნდა იყოს, მაგალითად, თუნდაც მასტრიდიას ღვაწლზე უფრო მეტი? იმისათვის, რომ ჭაბუკი ცოდვისაგან გადაერჩინა და თავისი უბიწოებაც დაეცვა, ნორჩი ასული თავის ყვავილობის ჟამს უდაბნოს შეეხიზნა, 17 წელი მხეცებთან ერთად დაჰყო, მხოლოდ ხორბლით იკვებებოდა და მთელი ეს ხანი ადამიანის სახე არ უხილავს! ჰოი ჭეშმარიტად ნატერია ის, ვინც საკუთარი სხეული თავის ავხორცობითა და ვნებებითურთ ჯვარს აცვა და ვისაც შეუძლია, თავისი სული დადოს მოყვასისათვის! ასევე ძმანო, ჩვენც უფლის მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომელმაც მისაბაძად ამგვარი მაგალითები მოგვცა. და რაოდენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენს თვალთა წინაშე ასეთი ამბები ძევს! ჩვენც კვალდაკვალ მივსდიოთ და წმინდანთაგან ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვების გადარჩენაც, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ქალწულება და უბიწოება, როგორ დავთრგუნოთ ხორცი ვნებებთან ერთად და როგორ განვსდევნოთ საკუთარი თავისგანაც და სხვებისგანაც ის შინაგანი, განმხრწნელი გველი, რომელიც შთანთქმით გვემუქრება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.